კატალოგები, სავიზიტო ბარათები

სტატიაში როგორ შევავსოთ ასობით სერტიფიკატი მოცემულია მარტივი მაგალითი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოთ ფუნქცია Data Merge.

მარტივი იმიტომ, რომ გამოიყენებოდა მხოლოდ ერთი ჩანაწერი. ვისაც არასოდეს გამოუყენებია ეს ფუნქცია, მისთვის ადვილად გასაგები იქნება, როგორ მუშაობს ეს ინსტრუმენტი.

ეხლა კი განვიხილოთ უფრო რთული მაგალითები, სადაც რამდენიმე ტექსტური ჩანაწერების გარდა არის გამოსახულებაც.

სავიზიტო ბარათი

სავიზიტო ბარათი სერტიფიკატისგან განსხვავებით, რამდენიმე მონაცემს შეიცავს. ზოგი მონაცემი ცვლადია, ზოგიც უცვლელი.

უცვლელ მონაცემებთან მუშაობა ადვილია: არის კომპანიის ვებ გვერდი, ტელეფონის ნომერი, მისამართი.

სხვა საქმეა თანამშრომლების მონაცემები. აქ რამდენიმე ცვლადია: სახელი და გვარი, შეიძლება იყოს თანამდებობაც, ტელეფონის ნომერი (შეიძლება ორი), ელფოსტა და სხვა.

აქ ფუნქცია Data Merge შეუცვლელია.

ვისაც არ წაუკითხავს როგორ შევავსოთ ასობით სერტიფიკატი (და გირჩევთ, რომ წაიკითხოთ) გეტყვით, რომ ყველაფერი იწყება მონაცემების მომზადებით.

არის Excel-ის ფაილი, სადაც შეგროვილია მონაცემები თანამშრომლების შესახებ: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი 1, ტელეფონის ნომერი 2, ელფოსტის მისამართი.

 თანამშრომლების სია. ზოგს ორი ტელეფონის ნომერი აქვს. ასევე ელფოსტა
თანამშრომლების სია. ზოგს ორი ტელეფონის ნომერი აქვს

შეინახეთ ინდიზაინისთვის საჭირო ფორმატში (*.txt). თუ ამ ფაილს გახსნით, ნახავთ, რომ მონაცემები ერთმანეთისგან Tab-ით არიან დაცილებულები. თუ შემთხვევით Excel არ გაქვთ, შეგიძლიათ შექმნათ ჩვეულებრივი ტექსტური ფაილი და მონაცემები Tab-ით დააცილოთ ერთმანეთს და აუცილებლად Unicode-ში შეინახეთ ფაილი.

ტექსტუ ფაილი ასე გამოიყურება. სვეტების ერთმანეთთან დაცილება Tab-ის საშუალებით ხდება.

ეს მომზადებული ფაილი შეგვაქვს ინდიზაინში, სადაც უკვე გვაქვს მომზადებული სავიზიტო ბარათის დიზაინი და ჩანაწერებისთის შესაბამისი ბლოკები გვაქვს გამოყოფილი.

კურსორი მოვათავსოთ ბლოკში და Data Merge-ის პანელში მოვნიშნოთ შესაბამისი სვეტის სახელი.

სავიზიტო ბარათის შაბლონი. Designed by Starline / Freepik

შეავსეთ ყველა საჭირო ბლოკი და გამოიძახეთ Create Merged Document…

Records To Merge: მიუთიტეთ რამდენი ჩანაწერი გამოიყენოს – ყველა (All Records) თუ მხოლოდ ნაწილი (Range).

Records per Document Page აირჩიეთ Multiple Records.

Multiple Record Layout დააყენეთ:

  • Margins: მინდვრები ახალი დოკუმენტისთის;
  • Spacing: მანძილები ობიექტეს შორის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზზე.

Options: ჩართეთ Remove Blank Lines for Empty Fields.

ეს საჭიროა იმისათვის, რომ ზოგს არ აქვს მითითებული მეორე ტელეფონის ნომერი და ხელით რომ არ მოგიწიოთ ცარიელი ხაზების წაშლა.

რჩევა: ნიშნულები რომ თან დაყვებოდეს წარწერებს, სტრიქონებს ღუზით მიაბით.

გამოიყენეთ Preview Multiple Record Layout, რომ ნახოთ, რამდენად სწორად ლაგდება ობიექტები გვერდზე.

ყოველთვის გამოიყენეთ Preview, რომ აკონტროლოთ, როგორ ლაგდებიან ობიექტები მაკეტზე

თუ ყველაფერი მისაღებია, დააწექით OK და შეიქმნება ახალი ფაილი, სადაც ობიექტები დალაგებულია პარამეტრების მიხედვით და გამოტანილი იქნება იმდენი ჩანაწერი, რამდენსაც ავირჩევთ.

Data Merge-ის დახმარებით შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მიიღოთ სასურველი შედეგი

კატალოგი

კატალოგის შემთხვევაშიც გვაქვს რამდენიმე სახის ჩანაწერი. ზოგადად ეს დამოკიდებულია კატალოგის სახეობაზე, რამდენად დეტალური ინფორმაცია ახლავს პროდუქტს.

გარდა ამისა, კატალოგში პროდუქციის რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე სავიზიტო ბარათების დამზადების პროცესში.

მაგრამ კატალოგი ასევე მოიცავს პროდუქტის სურათებს. სურათები შეგიძლიათ შეიტანოთ ხელით რასაკვირველია, მაგრამ რატომ, როდესაც ეს ყველაფერი შეგვიძლია პროგრამას გავაკეთებინოთ. ამისათვის კი მონაცემები უნდა შევაგროვოთ სურათების ადგილმდებარეობის შესახებ.

Excel-ში სვეტს დასახელებაში წინ უნდა დაუწეროთ @ სიმბოლო. აქ ერთი ნიუანსია: ეს სიმბოლო პირდაპირ არ იწერება. ამიტომ უნდა მოიყენოთ სიმბოლო. ჩანაწერი შემდეგნაირად გამოიყურება ‘@Image, მაგრამ თქვენც და პროგრამაც დაინახავთ ამას, როგორც @Image.

ამის შემდეგ ინფორმაცია სურათის მდებარეობის შესახებ უნდა იყოს სრული, აი როგორც მაგალითშია მოცემული: D:\Projects\ProjectName\example.tif

თუ ფიქრობთ, რომ ეს რთულია, სულაც არა. Windows 10-ში, რომ მონიშნავთ ფაილს, ზემოთ, მარცხნივ არის ღილაკი Copy Path. დააკოპირეთ ფაილის სრული მისამართი და შეიტანეთ ცხრილში. არ დაგავიწყდეთ ბრჭყალების წაშლა.

Data Merge ფანჯარაში დაემატება ნიშნული, რომელიც გამოსახულებას აღნიშნავს, ხოლო ბლოკი, სადაც განთავსდება გამოსახულება ასე წარწერა გაჩნდება <<image>>.

რჩევა: თუ თქვენი ფაილები მიმობნეულია და სხვადასხვა საქაღალდეებში, წაიკითხეთ სტატია ბმულების შეგროვება ერთ საქაღალდეში (Package-ის გარეშე).

შენიშვნები ან და სურვილები ამ თემასთან დაკავშირებით დატოვეთ კომენტარებში.

კომენტარები