ინდიზაინის ფუნქციების განმარტებები

InDesign-ი მრავალფეროვანი პროგრამაა ციფრული და ბეჭდური პროდუქციის შესაქმნელად. მასში ბევრი ფუნქციაა თავმოყრილი, რომელიც თქვენ შესაძლოა არც იცოდეთ. შესაძლოა ზოგს ყოველდღიურად იყენებთ, ზოგის შესახებ კი არაფერი გსმენიათ.

ქვემოთ მოცემულია ინდიზაინის ფუნქციების განმარტებები, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ მომხმარებელს დაეხმარება პროგრამის უკეთ შესწავლაში. სია არ არის სრულყოფილი და დროთა განმავლობაში მას კიდევ დაემატება ახალი განმარტებები.

ეს ასევე არის მცდელობა დაინერგოს ქართული ტერმინოლოგია როგორც სასაუბრო ენაში, ისე დამწერლობაში. მოხარული ვიქნები მოვისმინო ჯანსაღი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, ამ შემთხვევაში ინდიზაინისთვის. უზუსტობების ან რაიმე სახის ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ მომწეროთ პირადში, რათა მაშინვე გავასწორო.

მომავალში იგეგმება მსგავსი სიის შედგენა ფოტოშოპსა და ილუსტრატორისთვის.

აბზაცის პანელი [Paragraph panel] – Window -> Type & Tables -> Paragraph ამ მენიუში მოთავსებული ფუნქციების დახმარებით, შეგიძლიათ აბზაცების ინდივიდუალურად ფორმატირება. თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ სწორება [Aligment], გადატანა [Hyphenation], დაცილება [Indentation], საზედაო ასო [Drop Caps] და სხვა.

აბზაცის ფორმატირების მართვა [Paragraph Formatting Controls] – ის აქტიურდება, როდესაც თქვენ მუშაობთ ტექსტთან. დააწექით ნიშნულს “¶”, რომ გადაერთოთ შესაბამის ფუნქციებზე.

ამოჭრა [Cut] – Edit -> Cut გამოიყენეთ, როდესაც გინდათ ელემენტი გადაიტანოთ ერთი ადგილიდან მეორეზე ან მაგალითად დოკუმენტებს შორის.

ანაბეჭდი [Overprint] – View -> Overprint Preview თუ დოკუმენტში თქვენ დამატებით ფერებს [Spot Colors] იყენებთ, სასურველია გამოიყენოთ ანაბეჭდის წინასწარი ნახვა [Overprint Preview], რომ ნახოთ, ფერები რამდენად სწორად გამოჩნდებიან ბეჭდვისას.

არტიკლი [Articles] – Window -> Articles გაძლევთ საშუალებას დაამყაროთ კავშირები ელემენტებს შორის და მოაწესრიგოთ მათი მიმდევრობა, რომელიც როგორც წესი, განისაზღვრება მარცხნიდან-მარჯვნივ მიმართულებით. მოხერხებულია გამოიყენოთ დოკუმენტის EPUB, HTML ან ინტერაქტიურ PDF-ში ექსპორტირებისას. ექსპორტირებამდე თქვენ შეგიძლიათ გადაადგილოთ ელემენტები, რომ მიიღოთ სასურველი მიმდევრობა.

ბადე [Grids] – View -> Grids & Guides -> Show Document Grid დოკუმენტის ბადე გამოიყენება ობიექტების გასათანაბრებლად და გამოიყენება მთელ სამუშაო სივრცეზე. Grid Preferences-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ ბადის მახასიათებლები (Edit -> Preferences -> Grids).

ბლიდი [Bleed] – ბლიდი წარმოადგენს დოკუმენტის დანამატს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, გამოსახულებას ან ფერს. ბეჭდვის შემდგომი ჩამოჭრისას დაშვებული უზუსტობები ნაკლებად შესამჩნევი ხდება ბლიდის გამოყენების შემთხვევაში.

ბმულები [Links] – Window -> Links დოკუმენტში გამოსახულებები ჩაშენებულები კი არ არიან, არამედ ბმულების სახით თავსდებიან. პროგრამა ქმნის ბმულს დოკუმენტსა და გამოსახულების ფაილს შორის. ამავე პანელზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომელი ბმულია დაკარგული ან სჭირდება განახლება. შეგიძლიათ ისარგებლოთ Relink ღილაკით, რომ მოახდინოთ კავშირების აღდგენა.

ბმულის განახლება [Relink] – ბმულების პანელზე ქვემოთ მუშაობის პროცესში შესაძლებელია გამოსახულებების ფაილები სხვა საქაღალდეში გადაიტანოთ ან სახელი შეუცვალოთ. ბმულების პანელზე ფაილის დასახელების გასწვრივ ნიშნული გვიჩვენებს, რომ ფაილთან კავშირი დაკარგულია. გამოიყენეთ ბმულის განახლების ნიშნული, რომ მოხდეს ფაილში გამოყენებული გამოსახულებებისთვის კავშირების აღდგენა.

გადატანა [Hyphenate] – სიმბოლოების ფორმატირებისა და აბზაცის ფორმატირების პანელებზე მონიშნეთ ეს ოპცია, როდესაც ტექსტური კურსორი მოთავსებულია აბზაცში, რომ მოხდეს სტრიქონებზე სიტყვების გადატანა.

გაერთიანება [Join] – Object -> Paths -> Join ისევე, როგორც ილუსტრატორში, თქვენ შეგიძლიათ ეს ოპცია გამოიყენოთ ორი საკვანძო წერტილის გასაერთიანებლად.

განშლა [Facing Pages] – File -> New Document -> მონიშნეთ Facing Pages სხვა დიზაინერულ პროგრამებთან შედარებით, როგორებიცაა ფოტოშოპი ან ილუსტრატორი, ინდიზაინი მოსახერხებელია საბეჭდი მაკეტების მოსამზადებლად, მაგ. წიგნებისთვის, ჟურნალებისთვის, ლიფლეტებისთის. მონიშნეთ Facing Pages, რომ შექმნათ დოკუმენტი, რომელიც დაიწყება მარჯვნივ განთავსებული ერთი გვერდით, ხოლო მომდევნო გვერდები განშლაზე (ერთმანეთის გვერდიგვერდ) განთავსდებიან.

განშლის შემოტრიალება [Rotate Spread] – View -> Rotate Spread ცვლის გვერდის/განშლის ხედს. შესაძლოა შემოტრიალდეს 180° ან 90° საათის ისრის [CW] ან საათის ისრის საწინააღმდეგო [CCW] მიმართულებებით.

გვერდების პანელი [Pages panel] – Window -> Pages მართეთ თქვენი დოკუმენტი გვერდების პანელის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ, წაშალოთ, დააკოპირეთ გვერდები, ცვალოთ მათი მიმდევრობა, განსაზღვროთ დოკუმენტში გვერდების დანომვრა და სხვა.

გვერდი (ინსტრ.) [Page Tool] – ინსტრუმენტი დაგეხმარებათ შეცვალოთ ცალკეული გვერდის ზომა დოკუმენტში ისე, რომ არ იმოქმედოთ სხვა გვერდებზე.

გლუვი (ინსტრ.) [Smooth Tool] – გადაატარეთ ინსტრუმენტი წირს, რომ მიიღოთ გლუვი ხაზი და წაშალოთ გამოუსადეგარი საკვანძო წერტილები.

დაბრუნება [Revert] – File -> Revert… აბრუნებს დოკუმენტს ბოლო შენახულ პოზიციაზე.

დანიშნულება [Intent] – File -> New Document -> Intent თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა მიზნისთვის გსურთ დოკუმენტის შექმნა: ბეჭდვისთვის (Print), ინტერნეტისთვის (Web) ან ციფრული პუბლიკაციისთვის (Digital Publishing). დამატებითი ვარიანტები შეგიძლიათ აირჩიოთ გვერდის ზომის [Page Size] ჩამოსაშლელი მენიუდან.

დაცილება (ინსტრ.) [Gap Tool] – ამ ინსტრუმენტის დახმარებით შეგიძლიათ ცვალოთ მანძილები ობიექტებს შორის და მათ გარშემო.

ეკრანის რეჟიმი [Screen Mode] – View -> Screen Mode “W” კლავიშის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გადართოთ ორ რეჟიმს შორის – ნორმალური [Normal Mode] და წინასწარი ხედი [Preview Mode]. სტანდარტულად თქვენ ნორმალურ რეჟიმში მუშაობთ.

ელიფსი (ინსტრ.) [Ellipse Tool] – გეომეტრიული ფორმა, რომელიც ფერისთვის ან ტექსტისთვის გამოგადგებათ. დააწექით Shift კლავიშს, რომ შექმნათ წრე.

ელიფსური ჩარჩო (ინსტრ.) [Ellipse Frame Tool] – გეომეტრიული ფორმა, რომელშიც სურათს განათავსებთ. დააწექით Shift კლავიშს, რომ შექმნათ წრე.

ენა [Language] – აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ტექსტთან სამუშაო ენა. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს სიტყვების ავტომატურად გადატანაზე. იხილეთ სტატია, თუ როგორ უნდა დაამატოთ პროგრამაში ქართული ენა .

ერთეულები & დამატებები [Units & Increments] – InDesign -> Preferences -> Units & Increments… აქ შეგიძლიათ დააყენოთ საზომი ერთეულები. მილიმეტრები მიღებული სტანდარტია ბეჭდვითი წარმოებისთვის, ხოლო პიქსელები მიღებულია ვებ/ციფრული მედიისთვის.

ეფექტები [Effects] – Object -> Effects ობიექტებზე, როგორიცაა ტექსტური ჩარჩო, გამოსახულება ან ფიგურა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ეფექტი, მაგ. გრადიენტით გამკრთალება [Gradient Feather], დაარეგულიროთ გამჭვირვალობა [Transparency] ან დაამატოთ ჩრდილი [Drop Shadow].

ექსპორტი [Export] – File -> Export… გამოიყენეთ ეს ფუნქცია იმისათვის, რომ გაიტანოთ თქვენი დოკუმენტი PDF ფორმატში (Print ან Interactive) ან როგორც გამოსახულება (მაგ. EPS, PNG, JPEG). იხილეთ სტატია, სადაც განმარტებულია ფაილების ძირითადი ფორმატები.

თავისუფალი ტრანსფორმაცია (ინსტრ.) [Free Transform Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ მოახდინოთ ობიექტის ტრანსფორმაცია – ზომის შეცვლა, დახრა, დატრიალება და სხვა.

ინტერვალი [Tracking] – ტექსტის ფორმატირების სამართავ პანელზე ტრეკინგი ამცირებს ან ზრდის მანძილს სიმბოლოებს შორის მთლიანად ტექსტურ ბლოკში.

ინფორმაცია [Info] – Window -> Info გახსენით ინფორმაციის პანელი, რომ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია დოკუმენტის ან მასში არსებული სიტყვების, სტრიქონების, პარაგრაფისა და სურათების შესახებ.

კალამი (ინსტრ.) [Pen Tool] – მისი დახმარებით შექმენით სასურველი ფორმის წირი, დაამატეთ ან წაშალეთ საკვანძო წერტილები.

კერნინგი [Kerning] – სიმბოლოების ფორმატირების პანელზე მისი დახმარებით შესაძლებელია შერჩევითად ცვალოთ მანძილი სიმბოლოებს შორის.

კონტური [Stroke] – Window -> Stroke გახსენით სტრიქონის პანელი, რომ ხაზებისა და წირების ფორმატირების მეტი საშუალება გქონდეთ. მისი დახმარებით შეგიშლიათ მართოთ კონტურის სისქე, ტიპი და ხაზის დასაწყისისა [Start] და/ან დაბოლოების [End] იერსახე (როგორიცაა ისრის ბოლოები).

კოპირება [Copy] – Edit -> Copy გამოიყენეთ, როდესაც გჭირდებათ სამუშაო ელემენტის ასლის შექმნა და მისი გადატანა სხვა ადგილას.

კუთხე [Corners] – Object -> Corner Options გამოიყენეთ ის, რომ დააყენოთ ობიექტის კუთხეების ზომა და ფორმა (მაგ. Bevelled, Rounded). შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიგურის, ტექსტის ან სურათის ჩარჩოსთვის.

მაკრატელი (ინსტრ.) [Scissors Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ დაჭრათ ფიგურები, წირები და ჩარჩოები.

მართკუთხა ჩარჩო (ინსტრ.) [Rectangle Frame Tool] – გეომეტრიული ფორმა, რომელიც გამოიყენება გამოსახულებების განსათავსებელად. დააწექით Shift კლავიშს, რომ შექმნათ კვადრატი.

მართკუთხედი (ინსტრ.) [Rectangle Tool] – გეომეტრიული ფორმა, რომელიც გამოდგება ფერისთვის და/ან ტექსტისთვის. დააწექით Shift კლავიშს, რომ შექმნათ კვადრატი.

მასშტაბი (ინსტრ.) [Scale Tool] – გამოიყენეთ ინსტრუმენტი, რომ მოახდინოთ ობიექტის მასშტაბირება X ან Y ღერძების მიმართ.

მასშტაბირება (ინსტრ.) [Zoom Tool] – ამ ინსტრუმენტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ დოკუმენტის მასშტაბი. ეს გაგიადვილებთ მუშაობას, როდესაც გინდათ იმუშაოთ დეტალებთან ან შეხედოთ მაკეტს მთლიანობაში. ის უნდა გახდეს თქვენი განუყოფელი ინსტრუმენტი.

მიმაგრებული ობიექტი [Anchored Object] – Object -> Anchored Object მისი დახმარებით შეგიძლიათ ტექსტს მიამაგროთ ობიექტი (მაგ. ტექსტური ბლოკი ან გამოსახულება) სხვადასხვა პოზიციაში – ხაზზე [Inline], ხაზის ზემოდან [Above Line] და შერჩევით [Custom].

მიმმართველები [Guides] – Layout -> Create Guides… ან ხელით გადმოიტანეთ სახაზავიდან გამოიყენეთ მიმმართველები განშლაზე ობიექტების მოსაწესრიგებლად.

მიმმართველები, ჭკვიანი [Smart Guides] – View –> Grids & Guides -> Smart Guides მიმმართველები, რომლებიც მუშაობის პროცესშივე გეხმარებათ ობიექტები ერთმანეთს გაუსწოროთ.

მინდვრები [Margins] – Layout -> Margins and Columns… დოკუმენტის მინდვრების განსაზღვრა შესაძლებელია ახალი დოკუმენტის შექმნის ფანჯარაში ან მოგვიანებით მენიუ Layout-იდან.

მინი Bridge [Mini Bridge] – Window -> Mini Bridge ეს არის დანამატი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მართოთ თქვენი გამოსახულებები უფრო ეფექტურად და მოათავსოთ ისინი დოკუმენტში მარტივად.

მოთავსება [Place] – File -> Place… თქვენ ყოველთვის უნდა შეიტანოთ გამოსახულება ინდიზაინის დოკუმენტში “მოთავსებით” და არა გახსნით ან ჩასმით. ასეთ შემთხვევაში ფაილს ექნება ბმული.

მომზადება [Preflight] – Window -> Output -> Preflight გამოიყენეთ ეს ფუნქცია ექსპორტირებამდე ან შეგროვებამდე, რომ შეამოწმოთ დოკუმენტი არსებულ ხარვეზებზე.

მონიშვნის ინსტრუმენტი [Selection Tool] – გამოიყენება როგორც ცალკეული, ისე რამდენიმე ობიექტის მოსანიშნად, მათზე შემდგომი მოქმედებების ჩასატარებლად.

მორგება [Fitting] – Object -> Fitting ინდიზაინში განთავსებული ობიექტი, მაგ. გამოსახულება, მოთავსებულია ჩარჩოში. გამოიყენეთ მორგების ფუნქცია, რომ განსაზღვროთ ზომები და ჩარჩოში გამოჩენის სიდიდე. თუ არ ხართ დარწმუნებული რა აირჩიოთ, გამოიყენეთ ჩარჩოს პროპორციულად შევსება [Fill Frame Proportionally]. ეს ყველაზე უსაფრთხო ფუნქციაა.

მოქნილი მაკეტი [Liquid Layout] – Window -> Interactive -> Liquid Layout გაძლევთ საშუალებას, ერთი დოკუმენტის ფარგლებში შექმნათ სხვადასხვა ზომის გვერდები და მოაწესრიგოთ მათზე განლაგებული ობიექტები.

მოწესრიგება [Arrange] – Object -> Arrange გაძლევთ საშუალებას მონიშნული ობიექტი (მაგ. ტექსტური ბლოკი/ფიგურა/გამოსახულება) ერთი ფენის ფარგლებში, გადაანაცვლოთ წინა ან უკანა პლანზე.

მსუბუქი გრადიენტი (ინსტრ.) [Gradient Feather Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ ობიექტს მიანიჭოთ მსუბუქი გრადიენტის ეფექტი.

ნუმერაციისა & ნაწილის მოწყობა [Numbering & Section Options] – Layout -> Numbering & Section Options როდესაც ინდიზაინში ქმნით დიდ დოკუმენტს წიგნის დახმარებით, თქვენ ალბათ გსურთ დოკუმენტის დაყოფა ნაწილებად და თითოეული ნაწილისთვის განსაზღვროთ თავისი ნუმერაცია. გახსენით ნუმერაციისა & ნაწილების მოწყობის ფანჯარა, რომ მოახდინოთ შესაბამისი მახასიათებლების დაყენება.

ობიექტი [Object] – იხ. მთავარ მენიუში ობიექტი არის ნებისმიერი ელემენტი, რომელიც გვერდზეა განთავსებული და დიზაინერს შეუძლია მისი უშუალო რედაქტირება. მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს ტექსტური ბლოკი ან გამოსახულების ჩარჩო.

ოპტიკური სწორება [Optical Margin Alignment] – Window -> Type & Tables -> Story მონიშნეთ ოპტიკური სწორება რომ ოდნავ წაანაცვლოთ ტექსტური სიმბოლოები, მაგ. სასვენი ნიშნები, ტექსტური ბლოკის გარეთ და მოახდინოთ სტრიქონების ერთ ხაზზე სწორება.

პიპეტი (ინსტრ.) [Eyedropper Tool] – როდესაც “პიპეტით” დააწვებით თქვენი დოკუმენტის ფერად ნაწილში, მაგ. სურათზე, პიპეტი აიღებთ ფერს, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ ნიმუშების [Swatches] პანელში და გამოიყენოთ პროექტში.

პირდაპირი მონიშვნა (ინსტრ.) [Direct Selection Tool] – გაძლევთ საშუალებას მონიშნოთ უშუალოდ ფიგურის ან წირის საკვანძო წერტილი და შეასრულოთ სხვადასხვა მოქმედებები.

პოლიგონალური ჩარჩო (ინსტრ.) [Polygon Frame Tool] – გეომეტრიული ფორმა, რომელსაც რამდენიმე გვერდი აქვს. გამოდგება გამოსახულებისთვის. დააწექით Shift კლავიშს, რომ შექმნათ სიმეტრიული ფიგურა.

პოლიგონალური ფორმა (ინსტრ.) [Polygon Tool] – გეომეტრიული ფორმა, რომელსაც რამდენიმე გვერდი აქვს. გამოდგება ფერისთვის ან ტექსტისთვის. დააწექით Shift კლავიშს, რომ შექმნათ სიმეტრიული ფიგურა.

პროფილები [Profiles] – Edit -> Assign Profiles… / Convert to Profile… თქვენ შეგიძლიათ დოკუმენტის ფერების პროფილი (RGB ან CMYK) შეცვალოთ. იხილეთ სტატია, თუ როგორ უნდა დააყენოთ ერთიანი პროფილი Adobe-ის პროგრამებს შორის.

საბაზისო ხაზის წანაცვლება [Baseline Shift] – სიმბოლოს ფორმატირების პანელზე საბაზისო ხაზი არის უხილავი ხაზი, რომელზეც განლაგებულია ასოები; თქვენ შეგიძლიათ წაანაცვლოთ ის ზემოთ ან ქვემოთ Baseline Shift ფუნქციის დახმარებით და ამით განსაზღვრავთ ასოები ზემოთ თუ ქვემოთ იყვნენ განლაგებულნი.

საზედაო ასო [Drop Cap] – სიმბოლოს ფორმატირების პანელზე განსაზღვრავს აბზაცის დასაწყისში ერთი ან რამდენიმე სიმბოლოს ზომასა და ხაზოვან სიმაღლეს. შეგიძლიათ დააყენოთ ხაზების რაოდენობა [Number of Lines] და აირჩიოთ რამდენ სიმბოლოზე [One or More Characters] გავრცელდება ეფექტი.

საზომი (ინსტრ.) [Measure Tool] – მისი დახმარებით დოკუმენტში შეგიძლიათ გაზომოთ მანძილი ნებისმიერ ორ წერტილს შორის. მანძილის მაჩვენებელი გამოჩნდება საინფორმაციო [Info] პანელზე.

საკვანძო წერტილი [Anchor Point] – საკვანძო წერტილი წირის შემადგენელი ელემენტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ წირისთვის ან ფიგურისთვის მოხაზულობის შესაცვლელად.

სამუშაო არე [Pasteboard] – View -> Entire Pasteboard სამუშაო არე არის მთლიანად გვერდი (განშლა) და მის გარშემო სივრცე, სადაც შეგიძლიათ დროებით დაალაგოთ არა საბეჭდი ელემენტები.

სამუშაო სივრცე [Workspace] – Window -> Workspace ნახავთ აპლიკაციის ზოლის ზემოთ, მარჯვენა მხარეს: სამუშაო სივრცე განსაზღვრავს ინდიზაინის პანელების გამოჩენას ეკრანზე. Essentials არის ნაგულისხმევი სამუშაო სივრცე. სამომავლოდ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სამუშაო სივრცე თუ ჩამოსაშლელ მენიუში აირჩევთ ახალ სამუშაო სივრცეს [New Workspace…].

სანიმუშო გვერდები [Master Pages] – იხ. გვერდების პანელზე Window -> Pages მათი გამოყენება არის მარტივი გზა, რომ მართოთ დიდი დოკუმენტები, სადაც გვერდებზე ბევრი საერთო კომპონენტია განთავსებული (გვერდების ნომრები, ზედა ან ქვედა კოლონტიტულები, ფერები, გამოსახულებები და სხვა). ნაგულისხმევი სანიმუშო გვერდი (მას ეწოდება “A-Master”) გამოჩნდება გვერდების პანელზე, როდესაც თქვენ ახალ დოკუმენტს შექმნით. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მეტი სანიმუშო გვერდები პანელის ჩამოსაშლელი მენიუდან, სადაც აირჩევთ ახალი სანიმუშო გვერდი [New Master…].

სანიშნეები [Markers] – Type -> Insert Special Character -> Markers ამ მენიუს დახმარებით შეგიძლიათ მარტივი ტექსტური ბლოკი გადააქციოთ დინამიურ გვერდის ნომრად [Page Number] ან ნაწილის სანიშნედ [Section Marker]. სასარგებლო რჩევა: შექმენით მცირე ზომის ტექსტური ბლოკი სანიმუშო [Master] გვერდ(ებ)ზე და ჩასვით გვერდის ნომერი [Page Number]. ის გამოჩნდება ყველგან, სადაც გამოყენებულია წამყვანი გვერდი.

საშლელი (ინსტრ.) [Erase Tool] – ამ ინსტრუმენტით წაშლით წირის იმ ნაწილს, რომელიც აღარ გჭირდებათ. თქვენ ვერ წაშლით წირს თუ ის გადაყვანილია ტექსტურ წირად.

სახაზავები [Rulers] – View -> Show Rulers სახაზავები განთავსებულია დოკუმენტის ფანჯრის ზედა და მარცხენა მხარეს. სახაზავებიდან შეგიძლიათ გამოიტანოთ ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმმართველები გვერდის დასაყოფად ან ობიექტებთან სამუშაოდ.

სვეტები [Columns] – Layout -> Margins and Columns… როდესაც შექმნით ახალ დოკუმენტს, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სვეტების რაოდენობა და მათ შორის დაცილება [Gutter]. ეს შეიძლება გამოიყენოთ სვეტებად ტექსტის განაწილების დროს, მაგ. გაზეთების ან ბროშურების მაკეტში.

სიმბოლო [Character] – Window -> Type & Tables -> Character ტექსტისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ატრიბუტები ან სტილები. ცალკეული სიმბოლოს, სიტყვის ან წინადადების მონიშვნით თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ მისი ფონტი, ზომა, სტრიქონებს შორის მანძილი და სხვა. გამოიყენეთ პარამეტრები, რომლებიც ხელმისაწვდომია სიმბოლოს ფორმატირების პანელზე.

სიმბოლოები [Glyphs] – Window -> Type & Tables -> Glyphs იხილეთ ყველა სიმბოლო, რომელიც ხელმისაწვდომია არჩეული შრიფტისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბოლოს გამოყენებული სიმბოლოები ან შექმნათ საჭირო სიმბოლოების ნაკრები.

სიმბოლოს ფორმატირების მართვა [Character Formatting Controls] – მას ნახავთ პროგრამულ პანელზე, რომელიც ეკრანის ზედა ნაწილშია მოთავსებული. აღინიშნება “A” სიმბოლოთი.

სლაგი [Slug] – ეს არის არე, რომელიც მდებარეობს გვერდისა და ბლიდის გარეთ. ეს არე გამოიყენება საბეჭდი ინსტრუქციის, დამატებითი ინფორმაციის, კომენტარებისა და სხვა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც არ დაიბეჭდება.

სტილები [Styles] – Window -> Styles თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სტილები (ფორმატირების წესები) აბზაცებისთვის, სიმბოლოებისთვის, ობიექტებისთვის, უჯრებისთვისა და ცხრილებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი მთელი დოკუმენტის მანძილზე და ეს მნიშვნელოვნად გაგიწევთ დროის ეკონომიას მუშაობის დროს.

სწორების პანელი [Align panel] – Window -> Object & Layout -> Align მისი დახმარებით დიზაინერს დოკუმენტში გვერდზე განთავსებული ობიექტების მოწესრიგება შეუძლია.

სწრაფი გამოყენება [Quick Apply] – Edit -> Quick Apply გაძლევთ საშუალებას სიიდან აირჩიოთ ხშირად გამოყენებადი ფუნქციები, მაგ. ტექსტისა და ობიექტის სტილები, ცვლადი ტექსტი და ბევრი სხვა ფუნქცია.

ტექსტი (ინსტრ.) [Type Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ შექმნათ ტექსტური ბლოკი (დააწვებით და მოხაზავთ) მასში ტექსტის ჩასასმელად ან დააწკაპუნეთ უკვე არსებულ ჩარჩოზე ან ფიგურაზე, რომ მოხდეს მისი გადაქცევა ტექსტურ ბლოკად.

ტექსტი წირზე (ინსტრ.) [Type on a Path Tool] – ინსტრუმენტი გაძლევთ საშუალებას ტექსტი განათავსოთ წირზე ან ობიექტზე. უბრალოდ მიიტანეთ კურსორი იმ ადგილას, საიდანაც გინდათ, რომ ტექსტი დაიწყოს და დააწექით ერთხელ.

ტექსტის სწორება [Alignment] – გამოიყენეთ ეს ფუნქცია, რომ მოახდინოთ ტექსტის სწორება მაგ. ორივე კიდეზე [Justified], ცენტრის მიმართ [Aligned Center] ან სწორება ყუისკენ [Aligned Towards] ან ყუიდან დაშორებული [Away From Spine].

ტექსტის შემოტარება [Text Wrap] – Window -> Text Wrap თქვენ შეგიძლიათ შემოატაროთ ტექსტი ობიექტს.

ტექსტური კავშირები [Text Threads] – View -> Extras -> Show Text Threads ტექსტური კავშირები გამოაჩენს კავშირებს ტექსტურ ბლოკებს შორის. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ ტექსტური ბლოკები ერთმანეთთან თუ დააწვებით ბლოკის მარჯვენა ქვედა კუთხეში და შემდეგ დააწვებით მეორე ტექსტურ ბლოკს.

ტექსტური ცვლადები [Variables] – Type -> Text Variables ტექსტური ცვლადების ფანჯარაში თქვენ ნახავთ რამდენიმე განამზადს, რომელიც შეგიძლიათ ჩასვათ დოკუმენტში. ცვლადები იცვლებიან კონტექსტის შესაბამისად, როგორიცაა ნაწილის ნომერი ან გვერდის ნომერი. აქვე შეგიძლიათ მათი რედაქტირება ან ახლის დამატება.

ტრანსფორმაცია [Transform] – Object -> Transform ტრანსფორმაციის ფუნქციები გაძლევთ ცოტა მეტ თავისუფლებას ობიექტის პოზიციის და იერსახის შეცვლაზე. თქვენ შეგიძლიათ შემოატრიალოთ, შემოაბრუნოთ, გადაადგილოთ, შეუცვალოთ მასშტაბი ან წაანაცვლოთ ობიექტი.

ფანქარი (ინსტრ.) [Pencil Tool] – გამოიყენეთ სხვადასხვა ფორმის წირების დასახატად.

ფერდაშლა [Separations] – Window -> Output -> Separations Preview ეს ინსტრუმენტი გამოიყენეთ ფაილის დასაბეჭდად მომზადებამდე და ექსპორტირებამდე. აირჩიეთ ფერდაშლა ხედის [View] ჩამოსაშლელი მენიუდან და ნახავთ ყველა ფერს, რომელიც დოკუმენტში გამოიყენება. აქ თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ დამატებითი ფერები [Spot Colors] და შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ ცალკეული ფერები, იმისათვის, რომ შეამოწმოთ ფერების ანაბეჭდები რამდენად კარგად გამოჩნდება.

ფერების ნიმუშები [Swatches] – Window -> Color -> Swatches ნიმუშების პანელი გაძლევთ საშუალებას შექმნათ და მოაწესრიგოთ ფერები, გრადიენტები და ტონალობები. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც გაუკეთებთ ნიმუშს, აისახება ყველა იმ ელემენტზე/ობიექტზე, რომელზეც ის გამოიყენება.

ფერის გრადიენტი (ინსტრ.) [Gradient Swatch Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ ობიექტს მიანიჭოთ მარტივი გრადიენტის ეფექტი ან შეცვალოთ უკვე გამოყენებული.

ფონი [Fill] – ფონის ფერი ობიექტისთვის, მაგ. ჩარჩოსთვის ან ტექსტისთვის. ასევე შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნიმუშების [Swatches] ან სიმბოლოების ფორმატირების პანელიდან.

შეგროვება [Package] – File -> Package… თუ თქვენ უგზავნით ინდიზაინის დოკუმენტს სხვა პიროვნებას, გადაგაქვთ სხვა კომპიუტერზე ან უბრალოდ აწესრიგებთ საკუთარ ფაილებს, ყოველთვის გამოიყენეთ ეს ფუნქცია პროექტის დასრულებისთანავე. ის ერთად ათავსებს ყველა გამოსახულებას, შრიფტებს და დამატებით საინფორმაციო ფაილს ერთ საქაღალდეში.

შემოტრიალება (ინსტრ.) [Rotate Tool] – მონიშნეთ ობიექტი და შემოატრიალეთ ამ ინსტრუმენტის დახმარებით.

შენიშვნა (ინსტრ.) [Note Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი ტექსტში შენიშვნების დასატოვებლად. შენიშვნების პანელზე (დააწექით ტექსტში გამოჩენილ შენიშვნის სიმბოლოს, როდესაც აქტიური იქნება ტექსტური ინსტრუმენტი [Type tool]) თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შენიშვნა და გააკეთოთ მასზე სხვადასხვა მოქმედებები.

შიგთავსის შეკრება/დალაგება (ინსტრ.) [Content Collector Tool / Content Placer Tool] – ეს დამატებითი პანელი გაძლევთ საშუალებას შეკრიბოთ და შემდეგ დაალაგოთ შეკრებილი ელემენტები დოკუმენტში. მაგ., თქვენ გინდათ, რომ ერთი სურათი რამდენჯერმე გამოიყენოთ. ათავსებთ ამ სურათს შიგთავსის შემკრებში და შემდეგ ჩასვათ იქ, სადაც დაგჭირდებათ.

შრეები [Layers] – Window -> Layers კარგი პრაქტიკაა, როდესაც დოკუმენტში იყენებთ შრეებს განსხვავებული ელემენტებისთვის. მაგ. შეგიძლიათ ერთმანეთისგან გამიჯნოთ ტექსტები და სურათები.

ჩაკეტვა [Lock] – Object -> Lock მონიშნეთ ნებისმიერი ელემენტი, რომელიც გინდათ ჩაკეტოთ და აირჩიეთ ეს ოპცია. ეს სასარგებლოა, თუ თქვენ არ გინდათ, რომ ობიექტი შემთხვევით დაიძრას, როდესაც გვერდზე განთავსებულ სხვა ობიექტებთან მუშაობთ.

ჩანერგილი სტილი [Nested Styles] – ჩანერგილი სტილები შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ცალკეულ სიტყვაზე/სტრიქონზე, ისე მათ ჯგუფზე. ჩანერგილი სტილების შესახებ იხილეთ სტატია საზედაო ასო და ჩანერგილი სტილები.

ჩასმა [Paste] – Edit -> Paste / Paste in Place ახდენს დოკუმენტში იმ ელემენტების ჩასმას, რომელიც გაცვლით ბუფერშია მოთავსებული ამოჭრისა ან კოპირების შედეგად. აირჩიეთ ჩასმა ადგილზე [Paste in Place], თუ გსურთ შეინარჩუნოთ ობიექტის ორიგინალური პოზიცია. მოერიდეთ გამოსახულებების ჩასმას სხვა პროგრამებიდან, რადგან მათ არ ექნებათ ბმულები.

ცხრილი [Table] – იხ. მთავარ მენიუში -> Insert Table და Window -> Type and Tables -> Table თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ცხრილი და შემდეგ მოახდინოთ მისი პარამეტრების ფორმატირება, როგორიცაა სვეტების/სტრიქონების რაოდენობა, უჯრების სიმაღლე/სიგანე და დააყენოთ მახასიათებლები ცხრილის პანელის გამოყენებით. შემდეგში ეს დაფორმატება შეგიძლიათ შეინახოთ უჯრისა და ცხრილის სტილების სახით Window -> Styles -> Cell Styles / Table Styles.

წანაცვლება (ინსტრ.) [Shear Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ წაანაცვლოთ ობიექტის კიდეები და შექმნათ სამგანზომილებიანი სიღრმის ილუზია.

წიგნი [Book] – File -> New -> Book… ინდიზაინში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ “წიგნი”-ის ფაილი. ის წარმოადგენს ცალკეული დოკუმენტების ერთობლიობას, მაგ. თავების ან ნაწილების და ამავდროულად ინარჩუნებს გვერდების დანომვრის თანმიმდევრობას.

ხაზი (ინსტრ.) [Line Tool] – ინსტრუმენტი “ხაზი” ქმნის წირს. მასთან სამუშაოდ გამოიძახეთ Window -> Stroke. გამოიყენეთ Shift კლავიში, რომ გაავლოთ სწორი ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზი.

ხელი (ინსტრ.) [Hand Tool] – გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი (მას იპოვით ინსტრუმენტთა პანელზე), რომ ადვილად გადაადგილდეთ განშლაზე ან გვერდებს შორის.

ჯგუფი [Group] – Object -> Group / Ungroup ობიექტების, ჩარჩოების ან/და სხვა ელემენტების ერთად დაჯგუფება ამარტივებს მათზე საერთო მოქმედებების შესრულებას.

კომენტარები