ბმულების შეგროვება ერთ საქაღალდეში

ბმულების შეგროვება მინიატურა

პროექტზე მუშაობის პროცესში გიწევთ გრაფიკული ელემენტების შემოტანა სხვადასხვა ადგილიდან – ლოკალური თუ ქსელური დისკებიდან და საქაღალდეებიდან. ლოკალურს კიდევ არა უშავს და ქსელური რესურსი თუ მიუწვდომელი ხდება (მაგ. კომპიუტერი გამორთულია), პროგრამა ვერ ახდენს ბმულების კავშირების აღდგენას და შესაბამისად მიიჩნევს, რომ ბმულების რაღაც ნაწილი დაკარგულია. ეს რომ თავიდან აიცილოთ, სასურველია ბმულები ერთ საქაღალდეში შეკრიბოთ.

აქ გაჩვენებთ, როგორ შევკრიბოთ პროექტში გამოყენებული ყველა ბმული ერთ საქაღალდეში ბმულების პანელის დახმარებით. ეს ნაბიჯი სასურველია პერიოდულად გააკეთოთ, როდესაც პროექტს ახალი და ახალი ბმულები ემატება. როდესაც პროექტი დასრულდება, მაშინ გააკეთეთ შეგროვება [Package], რომ არქივში შენახული იყოს პროექტში გამოყენებული ბმულები და შრიფტები.

ნაბიჯი 1

გახსენით ბმულების პანელი Window -> Links (Ctrl + Shift + D). აქ მოცემულია ყველა ის ბმული, რომელიც დოკუმენტში გამოიყენება.ბმულების პანელი და პროექტში გამოყენებული ბმულების ჩამონათვალი

შენიშვნა: თუ ბმულის დასახელების გასწვრივ, წერია კითხვის ნიშანი, ესეიგი ის დაკარგულია. შესაბამისად მისი კოპირება არ მოხდება.

ნაბიჯი 2

მონიშნეთ ერთ-ერთი ბმული და შემდეგ Shift ან Ctrl კლავიშების გამოყენებით მონიშნეთ სხვა დანარჩენი.

ბმულების მონიშვნა ბმულების პანელში

ასეთი მეთოდით თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ როგორც ცალკეული, ისე დოკუმენტში არსებული ყველა ბმული.

ნაბიჯი 3

მონიშნულ ბმულებზე გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Copy Link(s) To… ან პანელის მენიუდან გამოიძახეთ Utilities -> Copy Link(s) To…

გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ

მიუთითეთ საქაღალდე, სადაც უნდა მოხდეს ბმულების კოპირება. საჭიროების შემთხევაში შექმენით ახალი.

დაიწყება კოპირების პროცესი მითითებულ საქაღალდეში. დასრულების შემდეგ, ყველა ბმული ერთ საქაღალდეში იქნება მოთავსებული და გარდა ამისა, ბმულებიც განახლდება და უკვე ეს კონკრეტული საქაღალდე იქნება დოკუმენტისთვის ბმულების წყარო.

კომენტარები