GIF ფაილის შექმნა

დღეს gif ფაილები დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით სოციალური ქსელებში. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მოხუცი და ბავშვი – მოკლედ ყველა, ვისაც არ ეზარება აზიარებს სხვადასხვა სასაცილო (და არც ისე) gif ანიმაციებს სოციალურ ქსელში.

ჩვენში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ Facebook-ს არ აქვს ფაილის პირდაპირი ატვირთვის მხარდაჭერა. კი შეგიძლიათ ფაილი ატვირთოთ, მაგრამ ის არ იქნება ანიმირებული. ისეა მოწყობილი, რომ gif ფაილი უნდა იყოს სადმე სერვერზე და ისე განთავსდეს სოცქსელში. არსებობს საიტები, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი gif ფაილი და შემდეგ ბმულის დახმარებით გააზიაროთ ის სოციალურ ქსელში. ყველაზე პოპულარული სერვისია GIPHY. უამრავი ადამიანი აზიარებს იქიდან ანიმაციებს სოციალურ ქსელში. ასევე ძალიან საინტერესოა სერვისია Gifs. შეგიძლიათ მიუთითოთ ვიდეო ფაილს ბმული ან ატვირთოთ საკუთარი და აქციოთ ის gif-ად.

ხანდახან კი გიჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარი გადაღებული ვიდეოდან რაიმე საინტერესო მონაკვეთი ან სახალისო სურათების სერია აქციოთ ანიმაციად.

აქ გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ gif ფაილები ფოტოშოპის დახმარებით. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, პირდაპირ აგიწერთ მეთოდებს. დამატებითი კითხვები თუ გაგიჩნდებათ ან რაიმე პრობლემას წააწყდით, დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში ან ჩვენს ჯგუფში Facebook-ზე.

შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ კადრების მაქსიმალური რაოდენობა არის 500. ყოველთვის ეცადეთ ამ რაოდენობაში ჩატიოთ თქვენი ანიმაცია.

მეთოდი 1

ნაბიჯი 1

შემოიტანეთ სასურველი ვიდეო ფაილი Ctrl + O ბრძანების დახმარებით.

ვიდეოს გახსნის შემთხვევაში, ავტომატურად იხსნება პანელი Timeline. თუ არ გაიხსნა, გამოიძახეთ Window -> Timeline.

მისი დახმარებით სხვადასხვა მოქმედებების შესრულება შეგვიძლია ვიდეოზე.

პანელი Timeline ფოტოშოპში

სურ. 1. პანელი Timeline.

ნაბიჯი 2

Timeline-ზე ვიდეოს ხანგრძლივობა მოცემულია საათებში, წუთებში, წამებში და მილიწამში. რადგან ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კადრებთან (Frames), ვიდეოს ხანგრძლივობის აღრიცხვა უნდა გადავიყვანოთ კადრებში.

გახსენით პანელის მენიუ და გამოიძახეთ Panel Options…

Panel Menu: Panel Options

სურ. 2. პანელის ფუნქციების გამოძახება.

გამოსულ ფანჯარაში Timecode-ს ნაცვლად აირჩიეთ Frame Number და დააწექით OK.

ამის შემდეგ ვიდეოს ხანგრძლივობა აღირიცხება კადრების ოდენობით.

Navigation On Video Timeline

სურ. 3. 1: მისი დახმარებით შეგვიძლია სასურველ კადრზე გადასვლა; 2: გვაჩვენებს, რომელ კადრზე ვიმყოფებით ამჟამად.

იმ შემთხვევაში თუ ვიდეოს ხანგრძლივობა არ აღემატება 500 კადრს, მაშინ შეგიძლიათ მისი ექსპორტირება gif-ად და გადადით პირდაპირ ნაბიჯი 4-ზე. ხოლო თუ ვიდეო 500 კადრზე მეტია, მაშინ გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

ნაბიჯი 3

Timeline-ზე, ვიდეოს დასაწყისში და დასასრულში არსებული მცოცავების დახმარებით, შეგიძლიათ განსაზღვროთ ვიდეოს დასაწყისი და დასასრული. მაუსის დახმარებით გადაადგილეთ ისინი სასურველ პოზიციაზე და განსაზღვრეთ ვიდეოს სასურველი მონაკვეთი.

Video Duration

სურ. 4. ვიდეო დასაწყისისა და დასასრულის განსაზღვრა.

ნაბიჯი 4

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ ვიდეოს დასაწყისსა და დასასრულს, ამის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ მის gif-ად ექსპორტირებას. ამისათვის გამოიძახეთ File -> Save for Web (Alt + Shift + Crl + S). Photoshop CC-ში მოთავსებულია File -> Export -> Save for Web.

ფანჯარა Save For Web: Color, Dither, Lossy, Image Size

სურ. 5. ფანჯარა Save for Web.

აქ უამრავი მახასიათებლების დაყენებაა შესაძლებელი, იმისათვის, რომ სურათი თუ ანიმაცია შეინახოთ და ის ინტერნეტისთვის ოპტიმიზირებული იყოს.

Color, Dither, Lossy, Image Size – ამ ფუნქციების გამოყენებით შეარჩიეთ გამოსახულების ოპტიმალური ზომა და ხარისხი.

დააწექით Save ღილაკს და თქვენი gif ანიმაცია მზად იქნება. შეგიძლიათ ატვირთოთ სასურველ gif სერვისზე და შემდეგ გაუზიაროთ მეგობრებს ნებისმიერი სოციალური ქსელის დახმარებით.

მეთოდი 2

ეს მეთოდი მცირედით განსხვავდება პირველი მეთოდისგან. ამ მეთოდის დახმარებით ჩვენ ვიდეოს შემოვიტანთ პირდაპირ კადრებად დაშლილს და თითოეული კადრი ცალკეულ შრეზე იქნება განთავსებული.

ნაბიჯი 1

გამოიძახეთ File -> Import -> Video Frames to Layers…

ფანჯარა Import Video To Layers

სურ. 6. ვიდეოს შემოტანა კადრებად.

From Beginning To End – ეს მონიშნეთ იმ შემთხვევაში, თუ სრულად ვიდეოს შემოტანა გსურთ;

Selected Range Only – შემოიტანოთ მხოლოდ მონიშნული კადრები. მათი მონიშვნა შეგიძლიათ ვიდეო დამკვრელის ქვემოთ მოთავსებული მცოცავების დახმარებით – განსაზღვრავთ ვიდეოს დაწყებისა და დასრულების მონაკვეთს.

Make Frame Animation – მონიშნეთ ეს ფუნქცია, რომ შემოტანილი კადრები ასევე ანიმაციის კადრებად გარდაიქმნას Timeline-ზე.

საჭირო მახასიათებლების დაყენების შემდეგ დააწექით OK-ს.

ნაბიჯი 2

Timeline-ს ამჯერად სხვა იერსახე ექნება. იქ განთავსებული ვიდეო წარმოდგენილი იქნება კადრებად.

კადრებს ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია მისი რიგითი ნომერი, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში კადრის ხანგრძლივობა.

სურ. 7. კადრების მიმდევრობა Timeline-ზე

კადრის ხანგრძლივობის შეცვლით შეგვიძლია ვმართოთ ანიმაციის სიჩქარე. რაც უფრო მაღალი იქნება ეს მაჩვენებლი, მით უფრო ნელი იქნება ანიმაცია.

ნაბიჯი 3

ყველა სასურველი მანიპულაციის ჩატარების შემდეგ თქვენ მხოლოდ ანიმაციის gif-ად შენახვა დაგრჩენიათ. ამისათვის გადადით პირველი მეთოდის ნაბიჯი 4.

მეთოდი 3

ამ მეთოდში ვნახოთ, როგორ უნდა ვაქციოთ სურათები ანიმაციად.

ნაბიჯი 1

პირველი რაც დაგვჭირდება, ესაა სურათების შემოტანა. მაგრამ შემოტანა მხოლოდ არ კმარა. ისინი ერთ ფაილში უნდა განთავსდნენ და ყველა სურათი ცალკეულ შრეზე უნდა იყოს მოთავსებული. ამიტომ შეეცადეთ, რომ სურათები, რომლებსაც შეარჩევთ ერთი ზომის იყოს (სიგანე და სიმაღლე).

მარტივად რომ მოხდეს ყველაფერი, ყველა სურათი მოათავსეთ ერთ საქაღალდეში.

გამოიძახეთ File -> Scripts -> Load Files into Stack.

სურ. 8. ფაილების შემოტანა ერთ ფაილში და მათი შრეებზე განლაგება.

Use – ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ Folder.

Browse – მიუთითეთ ის საქაღალდე, სადაც თქვენი სურათებია მოთავსებული და დააწექით OK.

დაელოდეთ, სანამ პროგრამა დაასრულებს ყველა ფაილის შემოტანას. ფაილების რაოდენობისა და ზომის მიხედვით ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

ნაბიჯი 2

Timeline-ზე ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ Create Frame Animation.

სურ. 9. არჩევის შემდეგ დააწექით ღილაკს, რომ შეიქმნას ანიმაციის პირველი კადრი.

ნაბიჯი 3

შექმნილია უამრავი შრე და მხოლოდ ერთი კადრი (შრის შესაბამისი). ყველა შრე რომ გარდავქმნათ კადრებად, პანელის მენიუში აირჩიეთ Make Frames From Layers.

იმ შემთხვევაში თუ კადრების მიმდევრობა არის შებრუნებული, ანუ ბოლო კადრი არის პირველი და პირველი ბოლო, იმავე პანელის მენიუში აირჩიეთ Reverse Frames.

ნაბიჯი 4

ეხლა კი შეგვიძლია შექმნათ ანიმაცია და შეინახოთ ის gif ფაილად. ამისთვის ისარგებლეთ პირველ მეთოდში მოცემული ნებიჯი 4-ის ინსტრუქციით.

კომენტარები