გეომეტრიული ფორმის მონიშვნა

ფოტოშოპში კომპოზიცია რომ შექმნათ ან რაიმე სხვა მოქმედებები შეასრულოთ (ფერთა კორექცია, რეტუშირება და სხვა), საჭიროა კარგად ფლობდეთ მონიშვნის ინსტრუმენტებს.

მოსანიშნი არე შესაძლოა სხვადასხვა ფორმისა ან სირთულის იყოს. ამიტომ ფოტოშოპში სხვადასხვა სახის მონიშვნის ინსტრუმენტია მოცემული, რის დახმარებითაც შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.

გეომეტრიული ფორმის მოსანიშნად (ოთხკუთხედი, კვადრატი, წრე, ოვალი) გამოიყენეთ ინსტრუმენტთა ჯგუფი Marquee Tools. ის ოთხი ინსტრუმენტისგან შედგება:

marque-tool

Rectangular Marquee (M) – მართკუთხედი ფორმის მონიშვნა

Elliptical Marquee (M) – ელიფსური ფორმის მონიშვნა

Single Row და Single Column შემთხვევაში ხდება 1 პიქსელის სიგანის არის მონიშვნა მთელი გამოსახულების გასწვრივ შესაბამისად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.

Rectangular Marquee ინსტრუმენტი იდეალური საშუალებაა მართკუთხა ობიექტების მოსანიშნად: მონიტორი, საგზაო ნიშნები, აბრები… მონიშნეთ ობიექტი და ყველა თქვენი შემდეგში შესრულებული ოპერაცია აისახება მონიშნულ მონაკვეთზე. სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ ფერი, მოარგოთ სხვადასხვა ფილტრები, ამოჭრათ გამოსახულებიდან და სხვა.

სურ. 1. მონიშვნა Rectangular Marquee ინსტრუმენტის გამოყენებით.

მონიშვნის გადასაადგილებლად, აირჩიეთ მონიშვნის ნებისმიერი ინსტრუმენტი, მიიტანეთ მაუსი მონიშვნის შიდა არესთან და გადაადგილეთ.

სურ. 2. მონიშნული არის გადაადგილება.

წრიული ფორმის ობიექტის მოსანიშნად აირჩიეთ Elliptical Marquee Tool. ამ ინსტრუმენტის მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორც Rectangular Marquee ინსტრუმენტის.

რჩევები: იმისათვის, რომ მიიღოთ სიმეტრიული ფიგურები (კვადრატი ან წრე), გამოიყენეთ Shift კლავიში. მონიშვნისას დააწექით და გეჭიროთ ეს კლავიში მანამ, სანამ არ დაასრულებთ მონიშვნას; ობიექტის მონიშვნა ცენტრიდან რომ დაიწყოთ, გამოიყენეთ კლავიში Alt; ცენტრიდან სიმეტრიული ფორმის შესაქმნელად კი გამოიყენეთ Shift + Alt კლავიშების კომბინაცია.

ამ შემთხვევაში გვაქვს იდეალურ წრის ფორმის ობიექტი. გამოვიყენოთ Shift + Alt და საწყის წერტილად ავიღოთ ობიექტის ცენტრი. მაუსი გავწიოთ დიაგონალური მიმართულებით ობიექტის გარე კონტურისკენ, როგორც ეს მოცემულ გამოსახულებაზეა ნაჩვენები.

სურ. 3. ცენტრიდან მონიშვნა Shift + Alt კლავიშების დახმარებით.

იმ შემთხვევაში თუ მონიშვნა არაზუსტია, მისი გადაადგილება კლავიატურაზე არსებული ისრების მეშვეობითაც შეგიძლიათ.

საჭიროების შემთხვევაში მონიშვნის მოსახსნელად (გასაუქმებლად) გამოიყენეთ Select -> Desecect (Ctrl+ D).

პარამეტრები

ნებისმიერი ინსტრუმენტის არჩევის შემდეგ, ფორმატირების ზოლზე ჩნდება ინსტრუმენტისთვის დამახასიათებელი პარამეტრები. ამ შემთხვევაშიც აქ გამოჩნდება ის პარამეტრები, რომელიც ამ მონიშვნის ინსტრუმენტს ახასიათებს:

სურ. 4. ფორმატირების ზოლი. მასზე გამოტანილია მონიშვნის ინსტრუმენტის დამატებითი მახასიათებლები.

ა. მონიშვნის მეთოდები (მარცხნიდან მარჯვნივ):

ახალი მონიშვნა (New Selection) – ახალი მონიშნული არე;

მონიშვნის დამატება (Add to Selection) – არსებულ მონიშნულ არეს ემატება ახალი არე;

მონიშვნის გამოკლება (Subtract from Selection) – უკვე მონიშნულ არეს აკლდება ფრაგმენტი;

მონიშნული არეების გადაკვეთა (Intersect with Selection) – ორი (ან მეტი) მონიშნული არის გადაკვეთიდან შეგიძლიათ გამოყოთ ერთი სასურველი არე.

ბ. დარბილება (Feather)

მისი საშუალებით ხდება მონიშნული არის საზღვრების დარბილება. განისაზღვრება პიქსელებით. რაც მეტია მაჩვენებელი, მით უფრო რბილია საზღვარი.

სურ. 5. ამ გამოსახულებაზე მოხდა მონიშნული ფრაგმენტის წაშლა. მარცხნივ დარბილება 0 პქს, მარჯვნივ დარბილება 5 პქს.

დარბილების კიდევ ერთი ფუნქცია არის Anti-Alias. აქტიურდება მაშინ, როდესაც არჩეული გაქვთ ოვალური მონიშვნის ინსტრუმენტი (Elliptical Marque Tool)

სურ. 6. მარცხენა წრე – გამორთულია Anti-Alias, მარჯვენა წრე – Anti-Alias ჩართულია.

გ. მონიშვნის სტილი (Style)

ჩვეულებრივი მონიშვნის დროს ჩვენ ვხაზავთ ნებისმიერი პროპორციისა თუ ზომის არეს. თუმცა, პროპორციების დაცვა და წინასწარ განსაზღვრული ზომის მონიშნული არის შექმნა შესაძლებელია. ამისათვის ჩამოსაშლელი მენიუ Style-ში არის სამი რეჟიმი:

Normal (ჩვეულებრივი) მეთოდი ავტომატურად არის დაყენებული და მონიშვნის პროპორციებსაც და ზომებსაც მომხმარებელი არეგულირებს.

Fixed Ratio (ფიქსირებული პროპორცია). ამ შემთხვევაში, აქტიურდება სიგრძისა (Width) და სიმაღლის (Height) ველები, რომლებშიც უთითებთ მონიშვნის სიგანისა და სიმაღლის პროპორციებს: 3:4, 16:9 და ა. შ.;

Fixed Size (ფიქსირებული ზომა). ამ დროს შესაძლებელია სიგრძისა (Width) და სიმაღლის (Height) ველებში სასურველი ზომების მითითება. შემდეგ საკმარისია გამოსახულებაზე მაუსის დაწკაპუნება და ავტომატურად შეიქმნება მითითებული ზომების შესაბამისი მონიშვნის არე.

კომენტარები