The Blog

საძიებლის შექმნა

საძიებელი ენციკლოპედიების, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული თუ დოკუმენტური ნაშრომების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისი შექმნა შრომატევადი და რთული პროცესია. კიდევ უფრო მეტ სიძნელეს ვხვდებით, როდესაც საქმე ქართულად საძიებლის შექმნასთან გვაქვს. მოგეხსენებათ, საძიებლის ელემენტები ანბანის მიხედვით ლაგდება და აი, აქ გვაქვს ორი სახის პრობლემა ქართული ენისთვის:

  1. თუ ტექსტში ვიყენებთ ლათინური განლაგების შრიფტს, ელემენტების დამატება მოხდება ლათინური ასოების მიხედვით. რადგან პროგრამისთვის t და T ერთი და იგივეა, ამ სიმბოლოზე დაწყებული ყველა სიტყვა T ასოზე მოთავსდება. მაშინ გამოდის, რომ სიტყვები ტომარა და თაგვი ერთი ასოს ქვეშ ერთიანდებიან, რაც პრობლემას ქმნის მთლიანი საძიებლის გენერირების შემდეგ – მოგვიწევს ასეთი სიტყვების სათითაოდ დაცალკევება. მსგავსი პრობლემები გვხვდება კომბინაციებთან ჯ – ჟ, რ – ღ, წ – ჭ, ს – შ, ზ – ძ.
  2. თუ ტექსტში ვიყენებთ უნიკოდის განლაგების შრიფტებს, აქ სხვა სახის პრობლემა გვაქვს – რადგან პროგრამას ქართული არ ესმის, ელემენტების დახარისხება მოხდება არა ანბანის მიხედვით, არამედ გაერთიანდებიან კატეგორიაში Symbols. თუმცა მის შიგნით ელემენტები ანბანის მიხედვით დალაგდება. გენერირების შემდეგ ჩვენ ისევ სათითაოდ მოგვიწევს სიტყვების დაცალკევება. უნდა მოვძებნოთ, სად მთავრდება -ზე დაწყებული სიტყვები, რომ გამოვყოთ ისინი -სგან და ასე ბოლომდე.

უპირატესობას მივანიჭებ მეორე მეთოდს და ამ სტატიაში განვიხილავ მას. მართალია, ამ მეთოდით სიტყვების დამატების პროცესი ნელა მიმდინარეობს, სამაგიეროდ, ბოლოს ჩვენ გვექნება ასე თუ ისე მოწესრიგებული საძიებელი. ასე თუ ისე-მეთქი ვამბობ იმიტომ, რომ მიღებულ საძიებელს კიდევ დასჭირდება ხელის შევლება იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი.

საძიებელი

საძიებლის შესაქმნელად ვიყენებთ Index-ს. მის გამოსაძახებლად შევდივართ Window -> Types & Tables -> Index (Shift + F8).

სურ. 1. Index-ის გამოყენებით შეგიძლიათ როგორც მარტივი, ისე რთული საძიებლის შექმნა.

ფანჯარა მუშაობს ორ რეჟიმში: ბმული (Reference) და თემა (Topic).

ბმულის რეჟიმში აისახება საძიებლის ყველა კომპონენტი (გვერდის ნომრებისა და ჯვარედინი ბმულების ჩათვლით), რომელიც მიმდინარე ფაილს (წიგნს) ეკუთვნის. ამავე რეჟიმში შესაძლებელია საძიებო სიტყვების დამატება.

თემის რეჟიმში ჩანს მხოლოდ თემები (გვერდის ნომრებისა და ჯვარედინი ბმულების გარეშე). ეს რეჟიმი მხოლოდ საძიებლის სტრუქტურის შესაქმნელად გამოიყენება.

Index პანელზე არსებული ღილაკების დანიშნულება (მარცხნიდან მარჯვნივ):

Go to Selected Marker – მონიშნულ მნიშვნელობასთან გადასვლა;

Update preview – სიის განახლება;

Generate Index – საძიებლის გენერირება;

New Index – ახალი ჩანაწერი საძიებელში;

Delete Selected Entry – მონიშნული მნიშვნელობის წაშლა.

საძიებლის სტრუქტურის შექმნა

პირველ რიგში დავამატოთ ქართული ანბანი, სადაც შემდეგ დავამატებთ სასურველ სიტყვებს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ წინასწარ დავაჯგუფოთ სიტყვები ანბანის მიხედვით, რადგან შემდეგში არ ვეძებოთ მათი დასაწყისი და დასასრული.

გამოიძახეთ Index (Shift + F8) და გადადით თემის რეჟიმში:

სურ. 2. ქართული ანბანის დამატება საძიებო სტრუქტურაში.

რჩევა: სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს სიტყვების დამატებისას ისარგებლეთ ღილაკით Add. თუ დააწვებით ღილაკს OK ფანჯარა დაიხურება და ხელახლა მოგიწევთ გამოძახება.

როგორც გამოსახულებაზე ჩანს, მე წინასწარ შემყავს ანბანი, რომ საბოლოო საძიებლის მიღებისას, მკაფიოდ მქონდეს ერთმანეთისგან გამოყოფილი განთავსებული სიტყვები.

ახალი ჩანაწერის დასამატებლად დააწექით ღილაკს ახალი ჩანაწერი საძიებელში (Ctrl + 7).

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მოცემულ ფანჯარაში:

Topic Level განსაზღვრავს სიტყვების განლაგების საფეხურებს. გამოიყენება მრავალსაფეხურიანი საძიებლის შექმნის დროს. პირველ ველში იწერება ძირითადი სიტყვა, მაგალითად “აღმოსავლეთი საქართველო”; მეორეში მისი შვილობილი თემა, ე. ი. ქვეთემა, მაგალითად “მდინარე”; მესამეში კი მეორე თემის შვილობილი თემა, მაგალითად “არაგვი”.

Sort By განსაზღვრავს, როგორ მოხდეს ელემენტების დახარისხება, ე.ი. ანბანის რომელ ასოზე უნდა განთავსდეს ჩანაწერი. მაგალითად, თუ “აღმოსავლეთ საქართველოს” გასწვრივ ჩვენ ჩავწერთ “საქართველო”, მაშინ ეს ჩანაწერი განთავსდება არა “ა”-ზე, არამედ “ს”-ზე.

ქვედა ფანჯარაში კი ჩანს საძიებლის სტრუქტურა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ან/და ავირჩიოთ, სად უნდა განთავსდეს მორიგი ჩანაწერი: სამკუთხედის დახმარებით ჩაშალეთ ჩანაწერები და სიტყვაზე ორჯერ დაწკაპუნებით აირჩიეთ ჯერ მშობელი თემა, ხოლო შემდეგ დაუმატეთ მას ქვეთემა.

სურ. 3. სიტყვის დამატება არსებულ თემაში.

საძიებლის შექმნა

სტრუქტურის შექმნის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ საძიებლის შექმნაზე. სიტყვები დამატებულია სტრუქტურაში, დაგვრჩა მხოლოდ მათი დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან (ფრაზებთან) მთელი დოკუმენტის მასშტაბით. ამისათვის უნდა გადავიდეთ რეჟიმში ბმულები (References).

ამ რეჟიმში ვერ დაინახავთ ჩანაწერებს მანამდე, სანამ მათ არ დააკავშირებთ შესაბამის სიტყვებთან. ყოველი ჩანაწერის გვერდით გამოჩნდება, რასთან არის ის დაკავშირებული – გვერდის ნომერი, სიტყვა, ფრაზა. იმისათვის, რომ გამოაჩინოთ ნებისმიერი ჩანაწერი, ფანჯრის მენიუში აირჩიეთ გამოუყენებელი თემების ჩვენება (Show Unused Topics). გამოჩნდება ყველა ის თემა, რომლისთვისაც ჯერ არ განგვისაზღვრია შესაბამისი სიტყვა (ფრაზა). ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როდესაც გინდათ გადაამოწმოთ, რა თემები დარჩა დაუმუშავებელი.

საძიებელში სიტყვების დამატება რომ მოხდეს, ამისათვის გამოიყენეთ ძიების (Ctrl + F) ფუნქცია. მოიძიეთ სასურველი სიტყვა და შემდეგ დააწექით ღილაკს ახალი ჩანაწერი საძიებელში (Ctrl + 7).

სურ. 4. სიტყვის დამატება საძიებელში.

გამოიყენეთ ღილაკი Add All, რომ ყველა მსგავსი სიტყვა დაემატოს საძიებელში. როგორც ხედავთ, სიტყვის ჩაშლისას ჩანს გვერდების ნომრები. ზოგი ნომერი, შეიძლება განმეორდეს – ეს ნიშნავს, რომ იმ გვერდზე ეს სიტყვა რამოდენიმეჯერ არის გამოყენებული. თუმცა ბოლოს, გენერირებისას გამოვა მხოლოდ ერთი ჩანაწერი.

რჩევა: არ წაშალოთ დუბლირებული ჩანაწერები, რადგან შესაძლოა ერთი ჩანაწერი სხვა გვერდზე გადაადგილდეს და განახლების შემდეგ მას მიენიჭება სხვა გვერდის ნომერი.

ყოველ ჯერზე ხდება სიტყვის მხოლოდ ერთი ფორმის დამატება საძიებელში. თქვენ მოგიწევთ სხვა ფორმების მოძიებაც და დამატებაც – არაგვის, არაგვს და ა.შ. და ასე ბოლომდე ყველა სიტყვა, რაც საძიებელში არის შესატანი.

გვერდის ნომრის გარდა, შესაძლოა ჩანაწერის გვერდით იჯდეს სხვა აღნიშვნები. ქვემოთ მოცემულია განმარტებები:

PB – მიუთითებს, რომ საძიებლის ელემენტი სამუშაო სივრცეზეა (Pasteboard) განთავსებული. ასეთი ელემენტები არ იქნება შეტანილი საძიებლის ტექსტში;

HL – მიუთითებს, რომ საძიებლის ელემენტი დამალულ შრეზეა (Hidden Layer) განთავსებული. საძიებლის გენერირების დროს შესაძლებელია ჩართოთ ფუნქცია, რომელიც გაითვალისწინებს ასეთ ელემენტს;

HT – მიუთითებს, რომ საძიებლის ელემენტი დამალულ პირობით ტექსტშია (Conditional Text) განთავსებული. ასეთი ელემენტები არ იქნება შეტანილი საძიებლის ტექსტში;

PN – მიუთითებს, რომ საძიებლის ელემენტი ტექსტური ბლოკის (Overset Text) ფარგლებს გარეთაა განთავსებული. ასეთი ელემენტები შეტანილი იქნება საძიებელში, მაგრამ მას გვერდის ნომერი არ ექნება მინიჭებული;

Master – მიუთითებს, რომ საძიებლის ელემენტი შაბლონურ გვერდზეა განთავსებული. ასეთი ელემენტები არ იქნება შეტანილი საძიებლის ტექსტში.

ჩანაწერებისთვის გვერდების მინიჭება სხვადასხვა სახით შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია მინიჭებული იყოს როგორც უშუალოდ გვერდი (როგორც მაგალითშია), ისე გვერდების დიაპაზონი. ჩამოსაშლელ მენიუში ტიპი (Type) მიუთითეთ სასურველი მახასიათებელი:

Current Page – გვერდების დიაპაზონი არ სცდება მიმდინარე გვერდს;

To Next Style Change – გვერდების დიაპაზონი მოიცავს გვერდებს კურსორიდან აბზაცის სტილის ცვლილებამდე;

To Next Use of Style – გვერდების დიაპაზონი მოიცავს გვერდებს კურსორიდან მომდევნო გამოყენებულ სტილამდე;

To End of Story – გვერდების დიაპაზონი მოიცავს გვერდებს კურსორიდან ტექსტური ბლოკის ბოლომდე;

To End of Document – გვერდების დიაპაზონი მოიცავს გვერდებს კურსორიდან დოკუმენტის ბოლომდე;

To End of Section – გვერდების დიაპაზონი მოიცავს გვერდებს კურსორიდან ნაწილის ბოლომდე;

For Next № of Paragraphs – გვერდების დიაპაზონი მოიცავს მომდევნო აბზაცებს. უთითებთ აბზაცების სასურველ რაოდენობას;

For Next № of Pages – გვერდების დიაპაზონი მოიცავს მომდევნო გვერდებს. უთითებთ გვერდების სასურველ რაოდენობას;

Suppress Page Range – გვერდების დიაპაზონის გაუქმება.

საძიებლის გარდაქმნა ტექსტად

მას შემდეგ, რაც საძიებლის სტრუქტურაში ყველა კომპონენტი დაემატება, შეგიძლიათ შექმნათ საძიებელი და ტექსტური სახე მისცეთ მას. სანამ ამას გააკეთებთ, იზრუნეთ სტილის შექმნაზე. როგორც წესი, საძიებლის ტექსტის მოცულობა უფრო მცირეა, ვიდრე ჩვეულებრივი ტექსტისა. განსაზღვრეთ მისი შრიფტი და ზომა. თუ ამას არ გააკეთებთ, პროგრამა ავტომატურად ქმნის შესაბამის სტილებს და შეგიძლიათ ისინი დატოვოთ, უბრალოდ, მოგვიანებით შეიტანოთ ცვლილებები ამ სტილებში და დააყენოთ თქვენთვის სასურველი მახასიათებლები.

შენიშვნა: საძიებლის შექმნა (გვერდების მინიჭება) და შემდეგ მისი ტექსტის სახით განთავსება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც დასრულდება მთლიანად წიგნის მოწესრიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ ჯერზე მოგიწევთ საძიებლის ჩანაწერების განახლება და შემდეგ თითოეული ეტაპის ხელახლა გავლა.

საძიებლის შესაქმნელად Index პანელზე დააწექით ღილაკს Generate Index ან პანელის მენიუდან გამოიძახეთ Generate Index.

სურ. 5. საძიებლის გენერირების ფანჯარა. აქ უნდა მივუთითოთ დასახელებები და საჭირო სტილები.

Title და Title Style – ვუთითებთ რა ერქმევა საძიებელს (გეოგრაფიული, საკუთარი სახელების და ა.შ.) და ვუთითებთ მისთვის სტილს;

თუ საძიებელი უკვე არსებობს და გინდათ მისი განახლება, მაშინ ჩართეთ Replace Existing Index;

Level Styles – რა სტილები იყოს გამოყენებული თემებისთვის და ქვეთემებისთვის;

Entry Separators – რა სასვენი ნიშნებით იყოს გამოყოფილი ჩანაწერები.

საჭირო მახასიათებლების მინიჭების შემდეგ, დააწექით OK-ს და მოხდება საძიებლის გენერირება:

სურ. 6. საძიებლის მაგალითი.

ბოლოთქმა

ახლა კი ინფორმაცია მათთვის, ვინც იყენებს ტექსტში ლათინურ განლაგებას:

  1. დაამატეთ სიტყვები საძიებელში ჩვეულებრივ. ისინი ლათინურ ანბანზე განლაგდებიან. გახსოვდეთ სტატიის დასაწყისში ნახსენებ პირველ პრობლემაზე. პირველი პრობლემა კი ის არის, რომ დაგჭირდებათ ასოების ერთმანეთისგან განცალკევება: თ – ტ, წ – ჭ და სხვა. ამიტომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე;
  2. მონიშნეთ მთელი ტექსტი და გადადით http://convert.ge-ზე ან რაიმე მსგავს საიტზე;
  3. დააკონვერტირეთ ტექსტი Eng განლაგებიდან UTF-8 განლაგებაზე. მარცხნივ აირჩიეთ _eng_, ხოლო მარჯვნივ _utf8_. ჩასვით ტექსტი ზედა ნაწილში და დააწექით კონვერტაციის ღილაკს. ქვედა ნაწილში მიიღებთ გადაყვანილ ტექსტს;
  4. მონიშნეთ ტექსტი და გადაიტანეთ ვორდში. ზედა პანელზე დააწექით ტექსტის დახარისხების ღილაკს ზრდადობის მიხედვით. მთელი ტექსტის ჩანაწერები დალაგდება ანბანის მიხედვით და ასე მოგვარდება ზემოაღნიშნული პრობლემა;
  5. ტექსტი ისევ მონიშნეთ, დაბრუნდით კონვერტაციის საიტზე და მე-3 ნაბიჯზე გაკეთებული მოქმედებები შეასრულეთ პირიქით (UTF-8 -> Eng).
  6. მიღებული ტექსტი შეიტანეთ თქვენს დოკუმენტში.

გახსოვდეთ, რომ საძიებელი უნდა გაკეთდეს სულ ბოლოს, მას შემდეგ რაც დასრულდება ტექსტის მოწესრიგება. საკმარისია მცირე ცვლილებები ტექსტში და ზემოთ აღწერილი ნაბიჯების ხელმეორედ გავლა მოგიწევთ.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება საძიებლის შექმნის თაობაზე. იქნებ თქვენ უკეთესს გზას მიაგენით და ჩვენი საიტის დახმარებით გაუზიარეთ სხვასაც.

გიორგი კევლიშვილი

პროექტ InDesign Cookie შექმნელი და დამფუძნებელი; თანაავტორი წიგნისა "საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი"; GIPA-ში კითხულობდა ინდიზაინის ლექციებს თემაზე "ციფრული გამომცემლობა"; "სულაკაურის გამომცემლობის" ტექნიკური დიზაინერი 2005 წლიდან. 2017 წლიდან არის ციფრული პროექტების მენეჯერი