გამოსახულების მსუბუქი რეტუშირება

რეტუში − ეს ერთგვარი ციფრული სილამაზის ხელოვნებაა. ფოტოს დამუშავების ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გამოსახულება უფრო ეფექტური და მიმზიდველი გახდეს. სურვილისამებრ შეგვიძლია ვცვალოთ ფორმები, ფერთა გამა, კონტრასტი და სხვა. ფოტოშოპი მომხმარებელს ამ მხრივ უამრავ საშუალებას სთავაზობს. ერთი და იმავე ეფექტის მიღება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი.

არსებობს რეტუშის რამდენიმე სახე:

პირველი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ – პორტრეტის რეტუშია; ის რამდენიმე პუნქტს მოიცავს:

  • კანის რეტუში – ამ მოქმედების დროს ხდება დეფექტების მოცილება (ნაიარევი, გამონაყარი, ნაოჭები, ლაქები). მნიშვნელოვანია კანის სიგლუვის ეფექტის მიღება ისე, რომ კანმა ფაქტურა არ დაკარგოს.
  • დეტალების დამუშავება – თვალის დამუშავებისას ის უფრო მკვეთრი და მეტყველი ხდება. ასევე შესაძლებელია მაკიაჟის გაკეთება, კბილების გათეთრება, ვარცხნილობის შეცვლაც კი, თუ ამას ფოტო მოითხოვს.
  • სურვილისამებრ შესაძლებელია თმის და თვალის ფერის შეცვლა. ასევე პლასტიკა: ცხვირის, ტუჩის ფორმის შეცვლა და სხვა.

გლამურული რეტუში – ამ სახეობის მაგალითებს ძირითადად მოდის ჟურნალების გარეკანსა და სარეკლამო ბანერებზე შეხვდებით. გლამურული რეტუში აერთიანებს როგორც სახის, ასევე სხეულის კორექციას. ფოტო უფრო მიმზიდველი და ეფექტური ხდება.

გამოსახულების ფერის კორექცია – ამ დროს ხდება ფოტოში ფერთა გამის ცვლილება, თეთრის ბალანსირება, კონტრასტისა და სიმკვეთრის გაზრდა, განათების გასწორება გამოსახულების როგორც ნათელ, ისე მუქ ნაწილებში.

გამოსახულების მხატვრული რეტუშირებისას ხდება ფერების კორექცია, გამოსახულებას ვარგებთ ეფექტებს, მაგ. შავ-თეთრი, ვინტაჟური ფოტოს ეფექტი, სეპია, ექსპოზიციის ცვლილება, ხდება გამოსახულების ტონირება, ფონისა და გარემოს შეცვლა და სხვა მხატვრული ეფექტების მორგება.

ახლა კი ვეცდები, გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება პორტრეტული რეტუშირების პროცესი.

ნაბიჯი 1

გახსენით სასურველი გამოსახულება ფოტოშოპში. გახსოვდეთ, გამოსახულება სწორად უნდა შეარჩიოთ! ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

დააკვირდით მოდელის კანს – ის არ უნდა იყოს ზედმეტად გლუვი და ბუნდოვანი, კანზე უნდა ჩანდეს ფორები, როგორც ეს მოცემულ ფოტოზეა

სურ. 1. საწყისი გამოსახულება რეტუშირებისთვის.

ნაბიჯი 2

შექმენით ახალი შრე, ისე რომ გადაფაროს ძველი Ctrl + Shift + N. აირჩიეთ ინსტრუმენტი Spot Healing Brush tool (J) და ჩაურთეთ ფუნქცია “Sample All Layers” ინსტრუმენტის პარამეტრების პანელზე. ამ ფუნქციის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ შევეხოთ მხოლოდ ჩვენთვის სასურველ ადგილებს (ლაქები, გამონაყარი, ნაოჭები). საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ყველაფერი დავაბრუნოთ. დაკლიკეთ ერთხელ მხოლოდ იმ ადგილას, სადაც აუცილებელია დეფექტური კანის კორექცია. შეარჩიეთ ფუნჯის ზომა დეფექტის ზომის შესაბამისად. გახსოვდეთ, რომ ამ ხელსაწყოთი ყველა დეფექტს ვერ გამოასწორებთ, ამიტომ გამოიყენეთ ისეთი ინსტრუმენტებიც, როგორებიცაა Clone Stamp Tool (S) (შტამპი), Patch Tool (J) (წერტილოვანი აღმდგენი ფუნჯი).

შენიშვნა: ნუ შეეცდებით კანი იდეალური გახადოთ, უბრალოდ მოაცილეთ მას თვალშისაცემი დეფექტები.

სურ. 2. კანი დეფექტებით.

სურ. 3. Spot Healing Brush Tool-ის მეშვეობით გაწმენდილი კანი.

ნაბიჯი 3

გამოიყენეთ ცხელი კლავიში Ctrl + Shift + Alt + E იმისათვის, რომ გააერთიანოთ ყველა შრე ერთ შრეზე, რომელიც სულ ზემოთ მოთავსდება. აირჩიეთ ფილტრი Filter -> Sharpen -> Smart Sharpen. ამით თქვენ გააძლიერებთ კანის სიმკვეთრეს, კანის ფაქტურა უფრო ადვილად დასანახი და ბუნებრივი გახდება.

სურ. 4. Filter -> Sharpen -> Smart Sharpen.

დააყენეთ ფილტრი შემდეგ პარამეტრებზე:

სურ. 5. ფილტრის პარამეტრები.

შემდეგი ნაბიჯი არ არის სავალდებულო და დამოკიდებულია გამოსახულების სიმკვეთრეზე. თუ მიგაჩნიათ, რომ ის ძალიან უხეშად გამოიყურება, შეგიძლიათ უფრო გლუვი გახადოთ იგი.

ნაბიჯი 4

გააერთიანეთ ყველა შრე ისე როგორც ეს მესამე ნაბიჯის დასაწყისში იყო მოცემული. ამ ნაბიჯის დაწყებამდე კარგად დაათვალიერეთ კანი და შეამოწმეთ, ხომ არ დარჩა დეფექტური ადგილები. აირჩიეთ ფილტრი Filter -> Other –> Custom:

სურ. 6. Filter -> Other –> Custom…

თუ თქვენი გამოსახულებისთვის განათების შეცვლაა საჭირო, შეავსეთ “Offset” ველი ან დატოვეთ ის უბრალოდ ცარიელი.

სურ. 7. Custom-ის პარამეტრები

სურ. 8. მიღებული შედეგი Custom-ის გამოყენების შემდეგ.

თუ შედეგმა არ დაგაკმაყოფილათ, შეგიძლიათ მიღებული ეფექტი Edit -> Fade Custom ბრძანების მეშვეობით შეამციროთ.

სურ. 9. Edit -> Fade Custom…

ნაბიჯი 5

შრეების პალიტრაში ქვემოთ აირჩიეთ ნიღაბი. გადადით ნიღბის თეთრ ნაწილზე და აირჩიეთ შავი ფერის გლუვი ფუნჯი. გამოსახულებიდან ამოშალეთ ზედმეტად მკვეთრი ნაწილები თმების, თვალების, წარბების, ტუჩების და კბილების ირგვლივ.

სურ. 10. ნიღბის გამოყენების შედეგი.

ნაბიჯი 6

შექმენით შემდეგი კორექციის ფენა: Layer -> New Adjustement Layer -> Photo Filter . ფოტოფილტრი საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ გამოსახულების ტონალობა. ამ შემთხვევაში თბილი ტონალობიდან უფრო ცივ ტონალობაზე გადავედით. ეს ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

სურ. 11. ფოტოფილტრის პარამეტრები გამოსახულებისთვის.

ნაბიჯი 7

შემდეგი ნაბიჯი ფორმების უკეთესად ამოყვანას ეხება. შეგვიძლია გამოვკვეთოთ ნაკვთები შუქჩრდილის მეშვეობით. ეს პროცესი თავიდან ამოხატვას გავს. ამისათვის შექმენით ახალი შრე და გამოსახულებაზე რბილი ფუნჯის მეშვეობით დაიტანეთ მუქი და ღია ფერები.

სურ. 12. შუქ-ჩრდილების სქემა.

პალიტრაში შეცვალეთ ახალი შრის გადაფარვის რეჟიმი Soft Light-ზე ხოლო გამჭვირვალობა იმის მიხედვით, რამდენად მკვეთრი ეფექტის მიღება გსურთ.

სურ. 13. ჩრდილების Soft Light გადაფარვის რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ მიღებული შედეგი.

ნაბიჯი 8

შემდეგი ეტაპი არის მაკიაჟი, რომელსაც ზუსტად იმავე პრინციპით დავიტანთ გამოსახულებაზე, როგორც წინა ნაბიჯში. ვქმნით ახალ შრეს. ფერების პალიტრაზე ვარჩევთ ტუჩისათვის სასურველ ფერს და რბილი ფუნჯის საშუალებით გადავიტანთ ტუჩზე.

სურ. 14. ფუნჯის გამოყენებით შეღებილი ტუჩები.

შრის გადაფარვის რეჟიმი გადაგვყავს Soft Light-ზე, ხოლო გამჭვირვალობა 60%-ზე

სურ. 15. ტუჩის გამოსახულება Soft Light რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ.

სურ. 16. ტუჩების გამოსახულება ცვლილებებამდე.

ნაბიჯი 9

მზერა უფრო მეტყველი და ეფექტური რომ იყოს, საჭიროა თვალების დამუშავება. თვალის ბადურასთვის კონტრასტულობის მოსამატებლად გამოვიყენოთ Dodge და Burn ხელსაწყოები. ორივე მათგანის დადებით მხარეს წარმოადგენს პარამეტრი Range, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ ამ ხელსაწყოებით მხოლოდ განათებულ ადგილებზე, მხოლოდ მუქ ადგილებზე ან მხოლოდ ნახევარტონებზე. ავირჩიოთ Dodge Tool (O) და დავაყენოთ პარამეტრები ისე, როგორც ეს ფოტოზეა მოცემული (Range: Highlights, Exposures: 8%). Dodge Tool-ის გამოყენებით თვალის ღია ფერის ადგილები უფრო მკვეთრი გახდა.

სურ. 17. Dodge Tool-ის პარამეტრები და მისი გამოყენების შემდეგ მიღებული შედეგი.

ახლა კი Burn Tool-ის მეშვეობით მუქი ადგილები კიდევ უფრო გავამუქოთ. პარამეტრები კი დავაყენოთ შემდეგნაირად: Range: Shadows, Exposure – 5%.

სურ. 18. Burn Tool-ის პარამეტრები და მისი გამოყენების შემდეგ მიღებული შედეგი.

ამით მსუბუქი რეტუშის პროცესი დასრულებულია. გაითვალისწინეთ – რაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება მოდელის გამოსახულება ფოტოზე, მით უფრო კარგ დამუშავების ტექნიკასთან გვაქვს საქმე. გამოსახულების ეფექტურობის გაზრდის დროსაც აუცილებელია გარკვეული ზღვარი დავიცვათ, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ფოტოს ბუნებრივობის ეფექტი.

საბოლოო შედეგი კი გამოიყურება ასე:

 

კომენტარები