ფაილების ფორმატები

ფაილების ფორმატების ცოდნა და სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამან შეიძლება დაზოგოს თქვენი დროც და ენერგიაც, მუშაობის პროცესი კი მოხერხებული და შედეგიანი გახადოს, რითაც საბოლოდ კმაყოფილი დარჩებით. არასწორად გამოყენებულმა ფაილის ფორმატმა შესაძლოა თქვენი შრომა წყალში ჩაყაროს და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწიოთ.

ქვემოთ გთავაზობთ ფაილების ძირითად ფორმატებს, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები და სასურველი შედეგის მისაღწევად შესაბამისი ფორმატი გამოიყენეთ.

ინდიზაინის ფაილის ფორმატები

INDD – ინდიზაინის ძირითადი სამუშაო ფაილი. ინახავს დოკუმენტის (წიგნი, ჟურნალი, ბროშურა) მაკეტს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს როგორც ტექსტურ, ისე გრაფიკულ ინფორმაციას. ამ ფაილიდან შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა ფაილები, როგორებიცაა დასაბეჭდი ან ინტერაქტიური PDF, ასევე JPEG, PNG, EPS და სხვა.

INDT – წარმოადგენს ინდიზაინის შაბლონურ ფაილს. მასში შესაძლებელია შეინახოთ წინასწარ მომზადებული მაკეტი: ყდა, ბლანკი, წიგნის ან ჟურნალის სტრუქტურა… ამ ფორმატის ფაილი ინდიზაინში იხსნება როგორც ახალ ფაილი. ამ ფორმატში შენახვა ხდება Save As-ის დახმარებით.

INDB – ინდიზაინის წიგნის ფაილი. საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ ინდიზაინის სხვადასხვა ფაილები. მაგალითად, მრავალგვერდიანი პროექტი შეგიძლიათ დაყოთ ცალკეულ ფაილებად და წიგნის დახმარებით გააერთიანოთ ერთ პროექტად. ამ დროს შენარჩუნდება გვერდების ნუმერაცია, შესაძლებელი ხდება ფაილებს შორის სტილების, ფერებისა და სხვა მახასიათებლების მარტივად სინქრონიზაცია.

IDML – შუალედური ტიპის ფაილია. გამოიყენება ინფორმაციის გადასატანად ინდიზაინის ახალი ვერსიიდან უფრო ძველ ვერსიაში, რადგან პროგრამის ახალ ვერსიაში შექმნილი ფაილები უფრო ძველში არ იხსნება. ამ ფორმატის მხარდაჭერა აქვს ინდიზაინს CS4-დან და ზევით. IDML-ში შენახვა შესაძლებელია როგორც Save As-ის დახმარებით, ისე ექსპორტით.

IDMS – ინდიზაინის ფაილი, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გასაცვლელად ფაილებს შორის. ინფორმაცია შესაძლოა იყოს გრაფიკული, ტექსტური ან ორივე ერთად. ინახავს ინფორმაციას გვერდზე ობიექტების ადგილმდებარეობის, სტილებისა და ფერების შესახებ. ამიტომ შესაძლებელია ინფორმაცია ერთი ფაილიდან მეორეში დანაკარგების გარეშე გადაიტანოთ. ამ ფორმატში შენახვა ხდება ექსპორტის დახმარებით.

INDL – ინდიზაინის ბიბლიოთეკის ფაილი. აქ შეგიძლიათ შეინახოთ სხვადასხვა სახის ელემენტები, როგორებიცაა ფორმები, ლოგოები, ტექსტები. ყველა ის ელემენტი, რომელიც პერიოდულად გჭირდებათ. ამიტომ ბიბლიოთეკის დახმარებით ყოველთვის ხელთ გექნებათ სამუშაო მასალა. Creative Cloud-ში დამატებულია ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაცვალოთ ელემენტები პროგრამებს შორის: Illustrator, Photoshop, InDesign, After Effects და ა.შ.

ვექტორული ფორმატები

AI (Adobe Illustrator) – გრაფიკული ინფორმაციის შენახვის ვექტორული ფორმატი. შექმნილია Adobe Systems-ის მიერ. თავისი არსით ეს PGF (Portable Graphic Format – პორტატული გრაფიკული ფორმატი) ფორმატის ფაილია და შეიძლება განვიხილოთ, როგორც შუალედური პროდუქტი, საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ როგორც EPS, ისე PDF ფაილები.

EPS (Encapsulate PostScipt) – ფაილების ფორმატია, რომელიც დაფუძნებულია PostSript-ის ენაზე და განკუთვნილია პროგრამებს შორის გრაფიკული ინფორმაციის გასაცვლელად. PostSript – გვერდების აღწერის ენაა და ძირითადად გამოიყენება სამაგიდო საგამომცემლო სისტემებში. ფორმატი ფართოდ გამოიყენება პოლიგრაფიაში და შეიძლება შეიცავდეს როგორც რასტრულ, ისე ვექტორულ გამოსახულებებს ან ორივეს ერთად. EPS ფორმატს ასევე გააჩნია Grayscale, RGB, CMYK და Lab ფერთა მოდელების მხარდაჭერა.

PDF (Portable Document Format) – ელექტრონული დოკუმენტების ფორმატი, რომელიც კომპანია Adobe Systems-მა შეიმუშავა. მისი პირველადი დანიშნულებაა პოლიგრაფიული პროდუქციის წარმოდგენა ელექტრონული სახით. PDF საშუალებას იძლევა ფაილში ჩაშენებული იყოს საჭირო შრიფტები, ვექტორული და რასტრული გამოსახულებები, ბმულები, ფორმები, მულტიმედია (აუდიო/ვიდეო) მასალები. გააჩნია Grayscale, RGB, CMYK და Lab ფერთა მოდელების მხარდაჭერა და პოლიგრაფიისათვის საჭირო საკუთარი ტექნიკური ფორმატები, მაგალითად PDF/X-1a, PDF/X-3.

SVG (Scalable Vector Graphics) – მასშტაბირებადი ვექტორული გრაფიკა. განკუთვნილია ორგანზომილებიანი ვექტორული ან შერეული ვექტორულ-რასტრული გრაფიკის აღწერისთვის XML ფორმატში. ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში ვექტორული გრაფიკის განთავსებისათვის.

რასტრული ფორმატები

JPEG (Join Photographic Expert Group) – ამ ფორმატის უპირატესობა არის მისი მოქნილობა. გამოსახულების რედაქტირების ყველა პროგრამა მუშაობს ამ ფორმატთან, შენახული ფაილების მოცულობა მცირეა, რადგან შენახვისას გამოიყენება შეკუმშვა. შეკუმშვისას გარკვეული ინფორმაცია იკარგება – ხდება ცალკეული პიქსელების ფერის გაშუალება, რის შედეგადაც მცირდება დეტალიზაცია და იცვლება ფერის ტონალობები. რაც უფრო მაღალია შეკუმშვის ხარისხი, მით უფრო მცირეა ფაილის მოცულობა, მაგრამ ამავდროულად გამოსახულების ხარისხი მკვეთრად ფუჭდება; და პირიქით, რაც უფრო მცირეა შეკუმშვის ხარისხი, ფაილის ზომა არ მცირდება და გამოსახულების ხარისხი მეტ-ნაკლებად მისაღები ხდება. ერთი და იმავე ფაილზე მუშაობისას, ყოველ ახალ შენახვაზე ხდება ინფორმაციის მორიგი პორციის დაკარგვა. ამის გამო ამ ფორმატის გამოყენება ბეჭდვითი პროექტებისთვის მიუღებელია. ის სასურველია გამოიყენოთ ელექტრონული პუბლიკაციებისთვის, ელფოსტით გასაგზავნად ან ინტერნეტში განსათავსებლად.

JPEG2000 – ჩვეულებრივი JPEG-სგან განსხვავებით, ამ ფორმატში სხვა სახის კომპრესია (შეკუმშვა) გამოიყენება, რის გამოც გამოსახულება უფრო მკაფიო გამოდის და უფრო მცირე მოცულობის. ასევე წინამორბედისგან განსხვავებით, ფაილი არ შეიცავს ხარვეზებს. ეს ფორმატი ნაკლებად გავრცელებულია, ამიტომ მისი მხარდაჭერა ყველა პროგრამას არ გააჩნია. ფორმატი გამოიყენება ციფრულ კინემატოგრაფიაში, ასევე აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა ამ ფორმატს იყენებს გაციფრებული გეოგრაფიული რუკების შესანახად. სრული ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ საიტზე.

PNG (Portable Network Graphics) – GIF ფორმატის ჩასანაცვლებლად შეიქმნა. GIF-ისგან განსხვავებით, PNG მუშაობს ფერების დიდ რაოდენობასთან, ასევე შეუძლია შეინახოს ფენის გამჭვირვალობა. მასში გამოყენებულია ისეთი მძლავრი უდანაკარგო შეკუმშვის ალგორითმი, როგორიცაა LZW. GIF და PNG ფორმატებში შენახული გამოსახულებები ძირითადად გამოიყენება ინტერნეტში განსათავსებლად და ელექტრონულ პუბლიკაციებში.

BMP (BitMap) – ფორმატი შექმნილია Microsoft-ის მიერ და ორიენტირებულია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში გამოსაყენებლად. იხმარება რასტრული გამოსახულების წარმოსადგენად პროგრამულ რესურსებში. იყენებს ინფორმაციის დაკარგვის გარეშე შეკუმშვის მარტივ ალგორითმს RLE (Run Length Encoding).

TIFF – ამ ფორმატს აქვს მრავალფენიანი დოკუმენტების მხარდაჭერა; გამოსახულება შეუძლია შეინახოს როგორც შეკუმშვით (LZW ან ZIP), ისე მის გარეშე და ხარისხი არ უფუჭდება. თუმცა მასთან მუშაობისათვის თქვენ დაგჭირდებათ პროგრამა ფოტოშოპი ან რომელიმე მსგავსი რედაქტორი. ფაილების მაქსიმალური მოცულობა იქნება 4 გბ.

PSD (Photoshop Document) – ეს არის ფოტოშოპის საკუთარი ფორმატი. ერთადერთი ფორმატი, რომელიც ინახავს ყველაფერს ნებისმიერი სახით და პროგრამის ყველა მოთხოვნას უჭერს მხარს. შენახვის დროს ინარჩუნებს დოკუმენტის ფენოვან სტრუქტურას, ეფექტებს, გამჭვირვალობას და ა.შ., შემდეგში მარტივი რომ იყოს გამოსახულების რედაქტირება. ამ ფორმატში შეიძლება შუალედური ნამუშევრის შენახვა რედაქტირების დასრულებამდე. ილუსტრატორს შეუძლია ამ ფორმატის იმპორტი/ექსპორტი ფენების სტრუქტურის შენარჩუნებით.

PSB (Photoshop Big) – ფორმატს გააჩნია ისეთი დოკუმენტების მხარდაჭერა, რომლის გვერდების ზომებიც აღწევს 300 000 პიქსელს. ფაილში შესაძლებელია გამოყენებული იყოს ფოტოშოპის ყველა თვისება, მათ შორის შრეები, ეფექტები და ფილტრები. თუ დოკუმენტის სიგანე ან სიმაღლე აღემატება 30 000 პიქსელს, შესაძლოა რომელიმე დამატებითი მოდული (პლაგინი) არ მუშაობდეს. შესაძლებელია 32-ბიტიანი HDR გამოსახულებების შენახვაც. გაითვალისწინეთ, რომ ყველა პროგრამა არ მუშაობს ამ ფორმატთან. ასევე შეიძლება გაჭირდეს ამ ფორმატის გახსნა ფოტოშოპის უფრო ძველ ვერსიებში, რადგან მათ არ აქვთ ისეთი ფაილების მხარდაჭერა, რომელიც აღემატება 2 გბ-ს.

RAW – ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ფაილის ფორმატი. ის ზოგადად აღნიშნავს ე.წ. ნედლ, დაუმუშავებელ მონაცემებს, რომელსაც ფოტოკამერის სენსორი აფიქსირებს. ფოტოკამერების მწარმოებლებს ნედლი ინფორმაციის შესანახად საკუთარი ფორმატები აქვთ შემუშავებული. მაგალითად Canon-ის კამერები იყენებენ CR2 გაფართოებას, ხოლო Nikon-ის კამერები NEF-ს. ასეთი ტიპის ფაილებთან სამუშაოდ შეგიძლიათ ისარგებლოთ მწარმოებლის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით ან პროგრამებით Photoshop, Bridge, Lightroom და დამუშავების შემდეგ ფაილი თქვენთვის სასურველ ფორმატში შეინახოთ (JPEG, PNG, TIFF, PSD).

DNG (Digital Negative) – ეს კომპანია Adobe-ის მიერ შემუშავებული უნივერსალური ფორმატია. მიზანი იყო შექმნილიყო ფორმატი, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება და არ იქნება დამოკიდებული კამერის რომელიმე მოდელზე. კომპანიამ ასევე გამოუშვა უფასო პროგრამა Adobe DNG Converter (Windows | Mac OS). მას ადვილად გადაყავს თანამედროვე კამერების RAW ფაილები DNG-ში. ფაილი ინახავს ნედლ (RAW) ინფორმაციას და მეტამონაცემებს, რომელშიც გამოსახულების მახასიათებლებია აღწერილი. დღეს მრავალი წამყვანი კომპანია თავის მოწყობილობებში ამატებს ამ ფორმატის მხარდაჭერას (Apple, Google, Leica, Casio). სრული ინფორმაცია ამ ფორმატის შესახებ იხილეთ Adobe-ის საიტზე.

გამოსახულების შეკუმშვის მეთოდები

RLE (Run Length Encoding) – შეკუმშვა დანაკარგების გარეშე. მისი მხარდაჭერა აქვს ზოგიერთ ჩვეულებრივ ფაილს Windows სისტემაში.

LZW (Lemple-Zif-Welch) – შეკუმშვა დანაკარგების გარეშე. მისი მხარდაჭერა აქვს TIFF, PDF, GIF და PostScript ფორმატებს. სასურველია გამოიყენოთ ისეთ გამოსახულებებზე, სადაც ერთი ფერის დიდი არეა.

JPEG (Joint Photographic Experts Group) – შეკუმშვა დანაკარგებით. მისი მხარდაჭერა აქვს JPEG, TIFF, PDF და PostScript ფორმატებს. დაბეჭდვისას საუკეთესო შედეგის მისაღებად დააყენეთ შეკუმშვისთვის მაქსიმალური ხარისხი.

CCITT – შეკუმშვა დანაკარგების გარეშე შავ-თეთრი გამოსახულებებისთვის. მისი მხარდაჭერა აქვს PDF და PostScript ფორმატებს.

ZIP – შეკუმშვა დანაკარგების გარეშე. მისი მხარდაჭერა აქვს TIFF და PDF ფორმატებს. ისევე, როგორც LZW, სასურველია გამოიყენოთ ისეთ გამოსახულებებზე, სადაც ერთი ფერის დიდი არეა.

კომენტარები