The Blog

qr-code-poster

QR-კოდის შექმნა და გამოყენება

QR-კოდი დღეს ძალიან ბევრ სფეროში გამოიყენება და მისი საშუალებით მრავალი სახის ინფორმაციის გავრცელება შეიძლება: ჩვეულებრივი ტექსტის, ბმულის, სავიზიტო ბარათის.

დადებითი მხარე: პატარა სივრცეში შეგიძლიათ ბევრი ინფორმაცია განათავსოთ. ამასთან ინფორმაცია კოდის დაზიანების შემთხვევაშიც კი იკითხება.

უარყოფითი მხარე: კოდის წასაკითხად ტელეფონში ან პლანშეტში სპეციალური აპლიკაცია დაგჭირდებათ. სმარტფონების მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია ასეთ აპლიკაციას თავიდანვე ათავსებს ტელეფონში, თუმცა ასეთი აპლიკაციები ძალიან ბევრია როგორც Android-ის, ისე iOS მოწყობილობებისთვის – ფასიანიც და უფასოც.

შექმნა

QR-კოდების შესაქმნელად უამრავი ინსტრუმენტი არსებობს. ზოგიერთ პროგრამაში შექმნის მოდული ინტეგრირებულია და დაგეხმარებათ მათi სწრაფად შექმნაში.

ინდიზაინში, დაწყებული 9.0 ვერსიიდან (CC), ეს ფუნქცია ინტეგრირებულია და შეგიძლიათ შექმნათ კოდები ისე, რომ არ მიმართოთ გარე ინსტრუმენტებს.

  1. გამოიძახეთ Object -> Generate QR Code
  2. შექმენით სასურველი ზომის ჩარჩო. შემდეგ კი გამოიძახეთ Object -> Generate QR Code ან კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Generate QR Code.

სურ. 1. QR-კოდის შექმნის ფანჯარა InDesign CC-ში

Type-ში აირჩიეთ, რა სახის კოდის შექმნა გსურთ:

  • Web Hyperlink – კოდი, რომელიც შეიცავს ვებგვერდის მისამართს. უბრალოდ ჩასვით აქ სასურველი ვებგვერდის მისამართი;
  • Plain Text – კოდი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ტექსტს;
  • Text Message – კოდი, რომელიც შეიცავს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. აქ მიუთითებთ ტელეფონის ნომერს (სადაც უნდა გაიგზავნოს შეტყობინება) და სასურველ ტექსტს ან დატოვებთ ცარიელს (გამგზავნი თვითონ აკრეფს ტექსტს). მაქსიმალური რაოდენობა 165 სიმბოლო;
  • Email – კოდი, რომელიც შეიცავს ელექტრონული ფოსტის შეტყობინებას. პირველ ველში მიუთითეთ მისამართი, სადაც გაიგზავნება წერილი, მეორე ველში შეგიძლიათ წინასწარ განუსაზღვროთ წერილის თემა (მაგ. ტექნიკური დახმარება) ან დატოვოთ ცარიელი, მესამე ველში კი იწერება შეტყობინება (მაგ. არ ირთვება მოწყობილობა) ან რჩება ცარიელი;
  • Business Card – კოდი, რომელიც შეიცავს სავიზიტო ბარათის მონაცემებს. შეავსეთ შესაბამისი ველები – სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ქვეყანა, ვებგვერდის ან ელფოსტის მისამართი

QR კოდის შექმნა InDesign CC-ში

სურ. 2. QR კოდის შექმნა InDesign CC-ში.

ჩანართი Color გაძლევთ საშუალებას კოდს მიანიჭოთ სასურველი ფერი.

მიღებული კოდი ვექტორული ობიექტია. შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი ზომის და ფერის.

თუ საჭირო გახდა კოდის ინფორმაციის რედაქტირება, მონიშნეთ კოდი და გამოიძახეთ Object -> Edit QR Code ან კონტექსტური მენიუდან.

QR-კოდის ონლაინ გენერატორები

უამრავი საიტი არსებობს ასეთი კოდების გენერირებისთვის. ჩაწერეთ Google-ში QR Code Generator და მიღებული შედეგებიდან აირჩიეთ სასურველი საიტი. მათ შორის სხვაობა მხოლოდ შესაძლებლობებშია. უმეტესად ყველას შეუძლია ვებმისამართის, ჩვეულებრივი ტექსტის, სავიზიტო ბარათის, მეილის კოდად გარდაქმნა.

განვიხილავ ორ ონლაინ გენერატორს, რომელსაც ვიყენებ:

goqr.me

სურ. 3. QR-კოდის ონლაინ გენერატორი მარტივი ფუნქციებით.

  • Type – აირჩიეთ მონაცემის ტიპი. მოცემულია ცხრა სახის მონაცემი;
  • Contents – შეიყვანეთ მონაცემები;
  • Live Preview – მონაცემების ცვლილებასთან ერთად იცვლება კოდიც;
  • Download – ღილაკი ჩნდება მას შემდეგ, რაც მოხდება კოდის გენერირება. შეგიძლიათ დააყენოთ კოდის დამატებითი პარამეტრები და აირჩიოთ ფაილის ფორმატი.

qrstuff.com

სურ. 4. QR-კოდის ონლაინ გენერატორი გაფართოებული ფუნქციებით.

  1. Data Type – აირჩიეთ მონაცემთა ტიპი;
  2. Content – შეიყვანეთ მონაცემები;
  3. Foregraound/Background Color – შეგიძლიათ დააყენოთ კოდისა და ფონის ფერი. ჩვეულებრივ გამოიყენება შავი/თეთრი. თუ მიღწეული შედეგი მისაღებია, დააწექით ღილაკს Download QR Code.
  4. Output Type – აქ შეგიძლიათ აირჩიოთ, რა სახით გინდათ მიიღოთ კოდი: ჩამოტვირთვა, ფორმაზე დალაგება (ჩამოიტვირთება PDF ფაილი) ან ელფოსტაზე გაგზავნა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი

  • იაპონიასა და ავსტრალიაში QR-კოდებს სასაფლაოებზე იყენებენ. ის შეიცავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ.
  • ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ხანდაზმულ ადამიანებს დაურიგეს ბეიჯები QR-კოდებით, რომელთა საშუალებით გამვლელებს შეუძლიათ დაეხმარონ მათ, თუ ისინი დაიკარგებიან და სახლში დააბრუნონ.
  • QR-კოდები აქტიურად გამოიყენება მუზეუმების მიერ. ტურიზმის სფეროში კოდებს ათავსებენ ტურისტული მარშრუტის გასწვრივ ან უშუალოდ ობიექტის გვერდით. მაგალითად ლვოვში QR-კოდები 80-ზე მეტ ტურისტულ ობიექტზეა დატანილი და შეიცავს ობიექტებისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე.

როგორც ხედავთ, დღევანდელი შესაძლებლობებით ძალიან მარტივად შეგიძლიათ შექმნათ QR-კოდი, ხოლო მისი გამოყენების სფერო შეუზღუდავია.

კომენტარებში გაგვიზიარეთ, თქვენ რა ინსტრუმენტებს იყენებთ QR-კოდის მისაღებად და რომელს ანიჭებთ უპირატესობას.

გიორგი კევლიშვილი

პროექტ InDesign Cookie შექმნელი და დამფუძნებელი; თანაავტორი წიგნისა "საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი"; GIPA-ში კითხულობდა ინდიზაინის ლექციებს თემაზე "ციფრული გამომცემლობა"; "სულაკაურის გამომცემლობის" ტექნიკური დიზაინერი 2005 წლიდან. 2017 წლიდან არის ციფრული პროექტების მენეჯერი