ფერების სინქრონიზაცია Adobe-ის პროგრამებს შორის

ერთიანი ფერთა პროფილის გამოყენება პროგრამებში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ფერების პროფილები არ იქნება სინქრონიზირებული პროგრამებს შორის, ფერების დამუშავების დროს ჩვენ მივიღებთ ცდომილებებს. საქმე იმაშია, რომ ფერი, რომელიც შეიქმნება ერთ რომელიმე პროფილში, ხოლო შემდეგ მოხვდება სხვა პროფილში, განიცდის ცვლილებას. ამ დროს ფერის შემადგენლობა იცვლება. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთ პროფილში თქვენ აირჩიეთ რაიმე ფერი, სხვა პროფილში ის შეიცვლის თავის შემადგენლობას.

მოდით შევამოწმოთ:

შევქმნათ ახალი დოკუმენტი. ფერის პროფილი დატოვეთ ის, რაც აყენია თქვენთან. ჩემთან ეს არის Europe Prepress 3. გამოიძახეთ ფანჯარა Swatches (F5). ამის შემდეგ შედით მენიუ Edit-ში და აირჩიეთ Convert to Profile:


სურ. 1. ხაზებით მონიშნულია დოკუმენტის მიმდინარე ფერების პროფილი RGB და CMYK ფერებისთვის.

როგორც სურათზე ხედავთ Swatch-ში მოთავსებული ფერები მართებულია ამ პროფილისთვის. მონიშნეთ Preview, თუ ის გამორთულია, რომ პროფილის ცვლილების შემთხვევაში თვალი ადევნოთ ფერების ცვლილებებსაც. სიაში CMYK Profile აირჩიეთ ნებისმიერი ფერის პროფილი და დააკვირდით. ფერები იცვლიან თავის შემადგენლობას და 100% ფერები უკვე შედგება 2 ფერისგან, რაც რასაკვირველია მიუღებელია.


სურ. 2. შეცვლილი ფერები. 100% ძირითადი ფერები კონვერტაციის შედეგად უკვე რამდენიმე ფერისგან შედგებიან.

მსგავს შედეგს თქვენ მიიღებთ როდესაც ობიექტს გაიტანთ იმ პროგრამებს შორის, სადაც ფერების პროფილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა პროგრამაში (ინდიზაინი, ილუსტრატორი, ფოტოშოპი), რომელსაც თქვენ იყენებთ, დაყენებული იყოს ერთიანი ფერთა სისტემა. რომელ პროფილს აირჩევთ, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფერთა პროფილს ითხოვს თქვენგან სტამბა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სხვადასხვა სტამბა, სხვადასხვა ფერთა პროფილს იყენებს. ამიტომ თქვენ მოგიწევთ პროფილის შეცვლა იმის მიხედვით, სად გაუშვებთ დასაბეჭდათ მიმდინარე პროექტს.

პროფილის შეცვლა შესაძლებელია, როგორც ყოველ პროგრამაში ინდივიდუალურად, ისე მთლიანად CS პაკეტში.

იმისათვის, რომ პროგრამაში (ინდიზაინი, ილუსტრატორი, ფოტოშოპი) დავაყენოთ სასურველი ფერთა პროფილი, შედით მენიუ Edit და აირჩიეთ Colour Settings:


სურ. 3. ასე გამოიყურება ფანჯარა Color Settings, სადაც საშუალება გეძლევათ დააყენოთ სასურველი ფერების პროფილი.

განვიხილოთ, რა კომპონენტებისგან შედგება ეს ფანჯარა:

  1. Settings – ამ სიიდან ირჩევთ გამზადებულ ფერებიბის პროფილს. მომავალში, როდესაც თქვენ დააყენებთ ფერების სასურველ პარამეტრებს, შეგიძლიათ შეინახოთ გარკვეული სახელით და ის ამ სიაში განთავსდება. Save ღილაკით შეგიძლიათ შეინახოთ შერჩეული პარამეტრები, ხოლო Load ღილაკით ჩატვირთოთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ ფერების პროფილი გადაიტანოთ ერთი კომპიუტერიდან მეორეზე და არ იწვალოთ ხელახლა მისი დაყენებით.
  2. Working Space – სამუშაო არე. ყოველი პროფილის სამუშაო არე შედგება ორი კომპონენტისგან: RGB და CMYK. ამ სიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი ფერების მახასიათებლები. ბეჭდვითი საქმიანობისთვის სპეციალისტები გვირჩევენ ავირჩიოთ Adobe RGB (1998), რადგან მას sRGB-სთან შედარებით ფერთა მოცვა მეტი აქვს. CMYK-ის შემთხვევაში უნდა აირჩიოთ ის პროფილი, რომელსაც ითხოვს სტამბა. თუ თქვენით დააყენებთ RGB-სა და CMYK-ის მახასიათებლებს, Settings-ში გაჩნდება წარწერა Custom, ხოლო თუ Settings-ში აირჩევთ უკვე გამზადებულ მახასიათებელს, ის თვითონ გაწერს RGB-სა და CMYK-ის შესაბამის პროფილებს.
  3. Color Management Polices – აკონტროლებს ფერების პროფილების იდენტურობას. როდესაც ფაილის ფერთა პროფილი განსხვავდება პროგრამაში დაყენებული პროფილისგან, ფაილის გახსნისას, ყოველთვის გამოვა შეტყობინება, რომ პროფილები განსხვავდება (ან RGB, ან CMYK ან ორივე ერთად) და თქვენ გექნებათ საშუალება მიუთითოთ სასურველი პროფილი.


სურ. 4. გამაფრთხილებელი ფანჯარა ფერების პროფილის ცდომილებასთან დაკავშირებით (პროგრამა ფოტოშოპი).

იმისათვის, რომ ყველა სამუშაო პროგრამაში დავაყენოთ ერთიანი ფერების პროფილი, ვისარგებლოთ პროგრამა Bridge-ით. ჩემი აზრით შესანიშნავი პროგრამაა და წარმოადგენს ერთგვარ “ხიდს” ადობის პროგრამებს შორის (მომავალში მე არაერთხელ დავუბრუნდები ამ პროგრამას და დავუთმობ არაერთ თემას).

მენიუ Edit-ში აირჩიეთ Creative Suite Color Settings (Ctrl + Shift + K). გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი ფერთა პროფილი და დააწექით OK. ამის შემდეგ, ყველა სამუშაო პროგრამაში (ინდიზაინი, ილუსტრატორი, ფოტოშოპი) დაყენდება ერთიანი ფერთა პროფილი.


სურ. 5. Bridge-ის ფერების სინქრონიზაციის ფანჯარა.

ყურადღება მიაქციეთ ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებულ ნიშნას და წარწერას. ის გამცნობთ – ფერები ყველა პროგრამას შორისაა სინქრონიზირებული თუ არა.


სურ. 6. ფერები სინქრონიზებულია


სურ. 7. ფერები სინქრონიზებული არაა

კომენტარები